მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაცია FIM-ის (საერთაშორისო მოტოფედერაციის) სრულუფლებიანი წევრია

საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაცია FIM-ის (საერთაშორისო მოტოფედერაციის) სრულუფლებიანი წევრია
25.01.24 09:10
830

რის საშუალებას აძლევს ფედერაციას FIM-ის წევრობა, რა გამოწვევების წინაშე დგანან მოტოკლუბები და სამომავლოდ რა მიმართულებით აპირებს ფედერაცია აქტიურობას, ამ ყველაფერზე გიორგი ჩიქოვანი, ელოს მოტო ფედერაციის პრეზიდენტი საუბრობს:

გიორგი, რომელ წელს დაფუძნდა და რას ემსახურება საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაცია?

- საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაცია დაფუძნდა 2013 წელს, 2019 წელს ფედერაციამ მოახდინა რეორგანიზაცია მმართველობაში და ახალი მმართველობის პირობებში აქტიურად ჩაება მოტო თემატიკის განვითარება-პოპულარიზაციის საკითხებში.

2022 წლის 2 დეკემბერს, ქალაქ რიმინიში გამართულ საერთაშორისო მოტო ფედერაციის Fédération Internationale de Motocyclisme-ს მიერ გამართულ ასამბლეაზე მოხდა, საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის აღიარება და სნმფ გახდა „FIM"-ის დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, რაც საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციას საშუალებას აძლევს საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით გაიზიაროს, დანერგოს და განავითაროს ფედერაციის მიზნებით განსაზღვრული ყველა დებულება.

საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის მიზნებს წარმოადგენს:

მოტოთემატიკასთან დაკავშირებული არსებული თუ სამომავლოდ ასამოქმედებელი რეგულაციების შეფასება, ანალიზი და განვითარების ხელშეწყობა, საქმიანობის მაღალი სტანდარტების შემუშავება, მოტო სპორტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა. მოტო მოყვარულთა მხარდაჭერა, მოტო ტექნიკის, მისი უსაფრთხო გამოყენების და, ზოგადად, მოტოსპორტის პოპულარიზაცია და რეკლამირება.

გასული წელი რომ შევაჯამოთ, როგორი იყო ფედერაციის აქტიურობა და საზოგადოების ჩართულობა?

2023 წელი საკმაოდ აქტიური იყო შეჯიბრებების კუთხით: საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით გაიმართა 14 შეჯიბრი 5 სხვადასხვა დისციპლინაში. პირველად საქართველოში სნმფ-ს ეგიდით გაიმართა მოტოჯიმხანას შეჯიბრის 3 ეტაპი და შესაბამისად ჩამოყალიბდა ახალი მოტო დისციპლინა, რომელიც საშუალებას აძლევს როგორც პროფესიონალ ასევე მოყვარულ მოტომრბოლელს გამოცადოს საკუთარი თავი.

სნმფ-ს ეგიდით გამართულ შეჯიბრზე „საქართველოს ჩემპიონატი მოტოდრაგში“ დაფიქსირდა მრბოლელების უპრეცედენტო რაოდენობა.
პროფესინალ მოტომრბოლელთათვის გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის 3 ეტაპი წრიულ რბოლაში, სადაც ასევე უცხოელი მრბოლელები იღებდნენ მონაწილეობას.

2023 წელი საკმაოდ აქტიური იყო ენდუროს მიმართულებითაც: გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის 3 ეტაპი ენდუროს დისციპლინაში.

პირველად საქართველოში მოეწყო საჩვენებელი შეჯიბრის 2 ეტაპი „ედვენჩერ კლასის“ მოტოციკლებს შორის.

და რაც მთავარია სნმფ-ს ეგიდით გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის 3 ეტაპი დისციპლინა ენდურო ბავშვები, ბავშვების ჩართულობა და მოტოსპორტით დაინტერესება ჩვენი ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სნმფ-მ პირველად საქართველოში დანერგა ლიცენზირების სისტემა, რათა მოტოსპორტი მეტად უსაფრთხო იყოს თითოეული მრბოლელისთვის.

ასევე, 2023 წელს პირველად საქართველოში შეიქმნა ფედერაციის ოფიციალური ელექტრონული პლატფორმა.

2023 დავასრულეთ გალა დაჯილდოებით, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი მოტომრბოლელები, ასევე, შესაბამისი სამთავრობო უწყების წარმომადგენლები და FIM - Fédération Internationale de Motocyclisme-ის (მოტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის) წარმომადგენელი, დამიანო ძამანა ოჯახთან ერთად. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ მოტომრბოლელები, რომლებმაც საპრიზო ადგილები დაიკავეს შესაბამის მოტო დისციპლინებში 2023 წელს.

რა ღონისძიებები იგეგმება მოტო სპორტის პოპულარიზაციისთვის?

ბუნებრივია კვლავ იგეგმება ზემოთ აღნიშნულ დისციპლინებში შეჯიბრების მოწყობა, კლუბების ხელშეწყობა, განვითარება და საზოგადოებაში მოტო სპორტის მიმართ ინფორმაციის კიდევ უფრო აქტიურად გავრცელება სხვადასხვა აქტივობებით, მარკეტინგული კამპანიებით.
ასევე, 2024 წელს დაგეგმილია ზემოთ აღნიშნული ელექტრონული პლატფორმის განვითარება, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგება. პლატფორმის საშუალებით შესაძლებელი ხდება ყველანაირი სტატისტიკური მონაცემების მოძიება, რაც თავისთავად ამარტივებს კომუნიკაციას, მომხმარებელსა და ფედერაციას შორის.

საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ადმინისტრაცია მუშაობს ფედერაციის ბაზის შექმნაზე, სადაც დაგეგმილია რამდენიმე მცირე ზომის საშეჯიბრო ტრეკის მოწყობა. მსაჯებისთვის, მწვრთნელებისთვის და მოტო სპორტსმენებისთვის ტრენინგების გამართვა, ასევე მოტო სკოლის შექმნა მომავალი მოტო სპორტსმენების აღსაზრდელად.

როგორ ფიქრობთ, რა ქმედებებია საჭირო იმისთვის, რომ ფედერაციამ ზემოთ აღნიშნულ მიზნებს ეფექტურად და სწრაფად მიაღწიოს?
აღნიშნული მიზნების მისაღწევად ერთ ერთი მთავარი პირობა საქართველოში არსებული მოტო კლუბების აქტიურობაა, იურიდიული რეგისტრაციის შედეგად კლუბებს შესაძლებლობა ეძლევათ გახდნენ ფედერაციის წევრები და მონაწილეობა მიიღონ მოტო სპორტის პოპულარიზაციისთვის დაგეგმილი ღონისძიებების იმპლემენტაციაში.
სამომავლოდ საერთაშორისო შეჯიბრებების თუ სხვა ღონისძიების ორგანიზება მოხდება სწორედ ფედერაციის წევრი კლუბების მიერ. რაც, რა თქმა უნდა, გაზრდის მათ პოპულარობას. ფედერაციის და კლუბების თანამშრომლობა არის საერთაშორისოდ აპრობირებული მოდელი, რაც წარმატების და მოტო სამყაროს განვითარების აუცილებელი პირობაა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები