"საქართველოს ნავსადგურებში ნავთობის გადამუშავების ტარიფები გაიზარდა"
მაია ბიწაძე
25.05.18 13:22
• 891
"სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ განლაგებულ ნავსადგურებში ნავთობისა და ნავთოპროდუქტების გადამუშავების ტარიფები იზრდება.
ანგარიშის მიხედვით, 2018 წლიდან ბათუმის ტერმინალში ერთი ტონა ნედლი ნავთობის გატარების ტარიფი 10-12 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს, როდესაც 2017 წელს ტონაზე 6-7 აშშ დოლარს შეადგენდა; ნავთობროდუქტების გატარების ტარიფი კი დღეისთვის, ტონაზე 10-15 აშშ დოლარს შეადგენს, რაც შარშანდელთან შედარებით საშუალოდ, 4 აშშ დოლარით გაზრდილია.
ამავე კვლევის თანახმად, ანალოგიურად გაიზარდა ნავთობპროდუქტების გატარების ტარიფები ფოთის ნავსადგურში. კერძოდ, ნავთოპროდუქტების სახეობისა და პარტიის მოცულობის მიხედვით, თუ 2017 წელს ტარიფი 9–12 აშშ დოლარამდე მერყეობდა, წელს ტონაზე 11–15 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება ყულევის ნავსდგურს, აქ თხევადი ნავთობისა და ნავთოპროდუქტის სახეობის, პარტიის მოცულობისა და სეზონურობის გათვალისწინებით, თუ ტარიფის დიაპაზონი ტონაზე 6-9 აშშ დოლარს შეადგენდა, დღევანდელი მონაცემებით, 8–15 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
"შესაძლებელია ვივარაუდოდ, რომ ნავთობისა და ნავთოპროდუქტების ტარიფების ზრდა მსოფლიო ბაზრზე ამ პროდუქტებზე ფასების ზრდის ტენდენციებიდანაა ნაკარნახევი, მაგრამ ამ პროცესს "ჯაჭვური" მოქმედების პრინციპი გააჩნია და როდესაც ანალოგიურად მოქმედებენ დერეფნის გასწვრივ განლაგებული ნავსადგურების ნავთობტერმინალები, ეს საერთო ჯამში, აქვეითებს საქართველოზე გამავალი დერეფნის კონკურენტუნარიანობას", - ნათქვამია კვლევაში.