სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტებისთვის საჭირო ფოლადის მილების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 420 069 ლარს შეადგენს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერი დღეს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 29 აგვისტოს დაიწყება და 3 სექტემბერს, 15:00 საათზე დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვა ითვალისწინებს სხვადასხვა დიამეტრის, ქარხნულად იზოლირებული ფოლადის მილების მიწოდებას, რომლებიც მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტებში იქნება გამოყენებული.
ყველაზე დიდი მოცულობა მოდის DN300 ტიპის მილებზე, რომელთა შესყიდვაც 21 216 მეტრის ოდენობით არის დაგეგმილი. გარდა ამისა, კორპორაცია გეგმავს 240 მეტრი DN200, 1 128 მეტრი DN150 და 108 მეტრი DN100 ტიპის მილების შეძენას.
დოკუმენტაციის მიხედვით, მილები უნდა აკმაყოფილებდეს API 5L-ის ან მის ანალოგიურ საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ISO 3183-ის მოთხოვნებს, ხოლო იზოლაცია უნდა შესრულდეს შესაბამისი EN, ISO ან სხვა ეკვივალენტური სტანდარტების მიხედვით. ასევე მოთხოვნილია, რომ პროდუქცია იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი და გაიაროს EN10204:2004 (3.2) სტანდარტით განსაზღვრული ინსპექტირება.
ტენდერის პირობებით, მონაწილე კომპანიას 2020 წლის 1 იანვრიდან სატენდერო წინადადებების მიღების დასრულებამდე პერიოდში უნდა ჰქონდეს მილსადენების მშენებლობის ან რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი მასალების რეალიზაციის გამოცდილება, რომლის ჯამური ღირებულება არანაკლებ 1 084 013 ლარს შეადგენს.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა 54 201 ლარია, მისი მოქმედების ვადა კი 160 დღეა.




























