„საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020’-ის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ სირცეში გაიმართა.წლევანდელი კონკურსის ფარგლებში, რომელიც განსაკუთრებული ფორმატით ჩატარდა კომპანიები იმ პროექტებისა თუ იცინიატივებისთვის დაჯილდოვდნენ, რომლებიც მათ თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში Covid პანდემიასთან საბრძოლველად განახორციელეს. Meliora – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.
კარლ ჰარცელმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ხაზი გაუსვა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას:
„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესისათვის მომავალზე ორიენტირებულ სტრატეგიას წარმოადგენს. როგორც თანამშრომლები, ასევე მომხმარებლები სულ უფრო და უფრო მეტად ითხოვენ კომპანიებისაგან გამჭვირვალობას და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული, სოციალური, კულტურული და გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებაში აქტიურ მონაწილეობას. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ასევე წარმოადგენს საერთაშორისო ნდობის მოპოვების საშუალებას. მას შეუძლია, ხელი შეუწყოს ურთიერთობებს ევროპულ ბაზრებთან და დაეხმაროს ქართულ ბიზნესს, უკეთ ისარგებლოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში შემოთავაზებული შესაძლებლობებით.“
ეკა ურუშაძემ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„პასუხისმგებელი ბიზნესის მნიშვნელობა ამ უჩვეულო და უპრეცენდენტო პერიოდში განსაკუთრებით დიდია. ამ რთულ რეალობაში ბიზნესის მხარდასაჭერად, 2020 წლის კონკურსი Meliora მივუძღვენით იმ პროექტებსა თუ ინიციატივებს, რომლებიც კომპანიებმა თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განახორციელეს პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად.“
დაჯილდოების ცერემონიაზე კომპანიები პანდემიით გამოწვეული კრიზისის გასამკლავებლად განხორციელებული პროექტებისთვის შემდეგ კატეგორიებში დაჯილდოვდნენ:
თანამშრომელთა მხარდაჭერა Covid პანდემიის პერიოდში
გამარჯვებული მსხვილი კომპანია - BDO, პროექტი „ლავირება ახალ რეალობაში - BDO-ს ვირტუალური ოფისი“
გამარჯვებული მცირე და საშუალო ზომის კომპანია - ემბისი, პროექტი „თანაშრომელთა მხარდაჭერა COVID პანდემიის პერიოდში“
მომხმარებელთა და მომწოდებელთა მხარდაჭერა Covid პანდემიის პერიოდში
გამარჯვებული მსხვილი კომპანია - ჯიპიაი ჰოლდინგი, პროექტი „სრული სადაზღვევო მომსახურება ონლაინ“
საზოგადოების მხარდაჭერა Covid პანდემიის პერიოდში
გამარჯვებული მსხვილი კომპანია - საქართველოს ბანკი, პროექტი „განათლების მხარდაჭერა ონლაინ სწავლების პერიოდში“
გამარჯვებული მცირე და საშუალო ზომის კომპანია - ფეა თრიიზ, პროექტი „საზოგადოების მხარდაჭერა Covid პანდემიის პერიოდში“
მცირე ბიზნესის და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა Covid პანდემიის პერიოდში
გამარჯვებული მსხვილი კომპანია - ტერაბანკი, პროექტი „ტერაბანკი ბიზნესკლიენტების მხარდასაჭერად“
გამარჯვებული მცირე და საშუალო ზომის კომპანია - Onesoft, პროექტი „Onesoft მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად“
კონკურსის შესახებ:
კონკურსი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ბიზნესკომპანიებს გააცნონ საზოგადოებას თავიანთი CSR პროექტები და მოიპოვონ აღიარება. Meliora – 2018 წელს, კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესასოციაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი საექსპერტო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით დაფუძნდა. ამ სამი წლის განმავლობაში კონკურსში მონაწილეობა სხვადასხვა მსხვილმა და მცირე/საშუალო კომპანიამ 200-ზე მეტი განხორციელებული CSR პროექტით მიიღო. Meliora - საქართველოში ყველაზე გამორჩეული ჯილდო ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ განხორციელებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივებისათვის აჯილდოვებს. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და საზოგადოებაში ცნების პოპულარიზაციას, კომპანიების წახალისებას დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის.

























