მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსა (WADA) და მსოფლიო რაგბის (World Rugby) მიერ ჩატარებული ერთობლივი გამოძიების შედეგად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 6 მოთამაშესა და სპორტსმენთა დამხმარე პერსონალის 1 წევრს ანტიდოპინგური წესების დარღვევა დაუმტკიცდათ.
"მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის არაერთი დარღვევის გამო, WADA-მ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) მიმართ ნდობა დაკარგა", - წერს ორგანიზაცია.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაცია “ობსიდიანი”, რომელიც 2023 წელს დაიწყო, იკვლევდა ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მოთამაშეები წესების უხეში დარღვევით სინჯებს ცვლიდნენ.
გამოძიებამ სინჯის შეცვლის ხუთი შემთხვევა გამოავლინა. ასევე დადგინდა, რომ GADA-ს თანამშრომლები ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს ტესტირების შესახებ წინასწარ აფრთხილებდნენ.
გამოძიებამ ასევე აჩვენა, რომ დოპინგკონტროლის ოფიცრები არ აკვირდებოდნენ კონტროლზე გამოძახებულ სპორტსმენებს და არ ესწრებოდნენ შარდის ჩაბარების პროცესს, რაც წესების აშკარა დარღვევას წარმოადგენს.
“ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, აღმაშფოთებელია და შოკის მომგვრელი იქნება როგორც ქართული სპორტისა და მთავრობისთვის, ისე გლობალურად რაგბის სამყაროსთვის”, - განაცხადა WADA-ს პრეზიდენტმა, ვიტოლდ ბანკამ.
მისივე თქმით, ეს დასასრული არ არის და ქართულ სპორტში გამოძიება გრძელდება.
ბანკას ცნობით, WADA-მ გამოძიების მიგნებები საქართველოს მთავრობას მიაწოდა, რათა GADA-ში არსებული პრობლემები მოგვარდეს.
“ცხადია, WADA-მ დაკარგა ნდობა GADA-ს ანტიდოპინგური პროგრამის მიმართ და შესაბამისმა უწყებებმა ახლა ძირეული ცვლილებები უნდა განახორციელონ”, - თქვა ანტიდოპინგური სააგენტოს პრეზიდენტმა.
ოპერაცია “ობსიდიანმა” მიგნებები WADA-ს შესაბამისობის სამუშაო ჯგუფს წარუდგინა. საქართველოში ანტიდოპინგური პროგრამის მთლიანობისთვის არსებული რისკებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ზომების გათვალისწინებით, სამუშაო ჯგუფმა GADA-ს წინააღმდეგ შესაძლოა დაჩქარებული შესაბამისობის პროცედურა დაიწყოს.
როგორც ცნობილია, შემდგომი ნაბიჯების ფარგლებში, WADA-მ საქართველოში სხვა სპორტის სახეობების წარმომადგენელი სპორტსმენებისგან აღებული სინჯებიც ამოიღო. ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნულ სინჯებთან დაკავშირებული სპორტსმენთა ბიოლოგიური პასპორტების საექსპერტო განხილვა.
თუ სინჯები საეჭვოდ მიიჩნევა, ოპერაცია “ობსიდიანი” შესაბამის ანტიდოპინგურ ორგანიზაციებს აცნობებს და დნმ-ის ანალიზისა და შედარების პროცესში დაეხმარება.
ამ მიზნით, WADA სინჯების შეცვლის საქმეების გამოსაძიებლად სპეციალურ სახელმძღვანელოს შეიმუშავებს.
საქართველოს რაგბის კავშირსა და ანტი დოპინგურ სააგენტოს გამოძიების მიგნებებზე განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.




























