აღმოჩნდა, რომ ტყვიის უფრო მაღალი შემცველობა საქართველოს რეგიონებში, კონკრეტულად კი სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს აქვთ, ვიდრე ქალაქში მცხოვრებ მცირეწლოვანებს.
ყველაზე მაღალი ტყვიის შემცველობა კი შემდეგ რეგიონებში დაფიქსირდა: აჭარა, გურია, იმერეთი და სამეგრელო.

ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.
ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციების შესაბამისად, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს.
ბავშვების კვლევაში ჩართვა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში (ISS).

























