საქართველოს რკინიგზა მზადაა, ინტერესის შემთხვევაში, კერძო სექტორს თანადაფინანსებით დამატებით ბორნების შეძენაში დაეხმაროს. ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის და ტრანსპორტის დარგის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განუცხადა, სადაც დარგში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილეს. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ კომპანიების მხრიდან ინტერესი უკვე გამოიკვეთა, მაგრამ დეტალები არ დაუკონკრეტებია.
"გვაქვს გარკვეული შეზღუდვები შავ ზღვაზე ბორნების ნაკლებობის თვალსაზრისით. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ტვირთბრუნვა როგორც ბულგარეთიდან, ასევე უკრაინიდან და რუმინეთიდან. ჩვენ მომდევნო თვიდან დავამატებთ ერთ ბორანს და თუ კერძი სექტორი არის დაინტერესებული, საქართველოს რკინიგზას აქვს მზადყოფნა რომ გააკეთოს თანადაფინანსება და შეძენილი იქნას დამატებითი ბორნები, რომლებიც მოემსახურება გაზრდილ ტვირთბრუნვას“, - განაცხადა ბახტაძემ.

























