მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს რკინიგზა, შესაძლოა, რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცეს"

5bfbea00869b1
მაია ბიწაძე
26.11.18 16:40
1054
არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia მთავრობის მიერ დაანონსებულ "საქართველოს რკინიგზის" პრივატიზაციის თემას ეხმაურება. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე აცხადებს, "საქართველოს რკინიგზის“ იმ ფორმით პრივატიზაცია, როგორც დღეს ფუნქციონირებს, დიდი საფრთხის შემცველია და ამ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის პირდაპირ რუსეთის ზეგავლენის ქვეშ მოქცევას ითვალისწინებს. მისი განმარტებით, "საქართველოს რკინიგზის" ყიდვის ინტერესი, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, შეიძლება მხოლოდ რუსეთს ჰქონდეს.

"დღეს საქართველოს რკინიგზის მოდელი ჯერ კიდევ საბჭოურია, სადაც ერთიან ორგანიზაციაში არის მოქცეული გადაზიდვების, ინფრასტრუქტურის, ნავიგაციის, უსაფრთხოებისა და სხვა კომპონენტები, ანუ ჩვენ გვაქვს ერთიანი მონოლითური სახელმწიფო საწარმო, რაც ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია სატრანსპორტო სისტემის და ზოგადად ეკონომიკური განვითარების.

ჩვენ გვაქვს ორი გზა: ერთი არის ევროპისკენ მიმავალი გზა. კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტის ფარგლებში აღებული გვაქვს ვალდებულება რვა დირექტივის სახით, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს რკინიგზის რეფორმირება, ანუ დეცენტრალიზაცია. კერძოდ, ცალ-ცალკე უნდა მოხდეს გამიჯვნა ინფრასტრუქტურის, რომელიც იქნება სახელმწიფოს დაქვემდებარებაში როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, ანუ სარკინიგზო ლიანდაგის, ხიდებისა და გვირაბების სახით; ცალკე უნდა ჩამოყალიბდეს ნავიგაცია, ე.წ საოპერაციო ცენტრი, რომელიც გადაზიდვის ორგანიზებას აკეთებს ( ანუ შეთანხმებები, მოძრაობის კონტროლი და ა.შ) და ესაც უნდა იყოს სახელმწიფო შპს, ან სააგენტო, რომელიც შემოსავლიანია და მოგებიანი იქნება ქვეყნისთვის; მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი - უნდა მოხდეს რკინიგზის უსაფრთხოების სააგენტოს ჩამოყალიბება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სარკინიგზო გაყვანა-გადაზიდვების უსაფრთხოებაზე. ცალკე შესაძლებელია გასხვისდეს მხოლოდ და მხოლოდ სავაგონე შემადგენლობა და წევითი ძალა, ანუ ელმავლები და ვაგონები“ - აცხადებს ვასო ურუშაძე.


მისივე განმარტებით, ასეთი მოდელი ხელს შეუწყობს საქართველოს რკინიგზაზე ჯანსაღი კონკურენციის შექმნას და შესაბამისად, მის განვითარებას და მოგებიან კომპანიად გადაქცევას. ეს მოდელი ძირითადად ევროკავშირის წევს ქვეყნებში, ასევე იაპონიასა და ამერიკაში მუშაობს.

"არსებობს სხვადასხვა მოდელი ევროპაში, ამერიკაში და იაპონიაში, სადაც სახელმწიფომ შეინარჩუნა კომპანიის სახით მოძრავი შემადგენლობები, მაგრამ ამავადროულად ევროდიორექტივები და ევროპული სტანდარტი გულისხმობს კერძო სექტორის დაშვებას სარკინიგზო გადაზიდვებში. ანუ, ამ რეფორმის შემდეგ, ნებისმიერ კომპანიას შეუძლია შეიძინოს მოძრავი შემადგენლობა და ჩიხი და გახდეს ჩვეულებრივი სარკინიგზო გადამზიდავი. მას შეუძლია ისარგებლოს სახელმწიფო სერვისით - სარკინიგზო ინფრასტრუქტურით, ნავიგაციით, დააკმაყოფილოს უსაფრთხოების სტანდარტები და ბაზარზე შემოვიდეს როგორც კერძო მოთამაშე და კონკრეტულ ტვირთმფლობელებს შესთავაზოს შესაბამისი ტარიფი. ეს გამოიწვევს ჯანსაღი კონკურენციის შექმნას სარკინიგზო გადაზიდვებში და ჩვენ მივიღებთ ევროპული სტანდარტის რკინიგზას“ - აცხადებს ვასო ურუშაძე.

როგორც HUB Georgia -ს აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, თუ საქართველოს მთავრობა ამ გზას არ აირჩევს, ეს პირდაპირ იმაზე მიუთითებს, რომ ის რუსულ ინტერესებს ატარებს.

"რაც შეხება მეორე გზას, ეს არის რუსეთისკენ მიმავალი გზა, რაც გულისხმობს საქართველოს რკინიგზის არსებულ მდგომარეობაში გასხვისებას, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროდირექტივებთან და საქართველოს რკინიგზას უკარგავს მომავალში მსგავსი მოდელით რეფორმის გატარების შესაძლებლობას; როცა კერძო მფლობელი იქნება სხვა კერძო სუბიექტი და 100%-ით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კერძო სუბიექტი იქნება რუსეთის ინტერესის გამტარებელი, რადგან მხოლოდ რუსეთის ინტერესშია დღეს საქართველოს რკინიგზის ყიდვა, რომელიც არის წამგებიანი. ეს შესაძლოა აიხსნას მხოლოდ ერთი მოტივით, რომ რუსეთს სურს ჰქონდეს ეკონომიკურ-პოლიტიკური გავლენის ბერკეტი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანზე და სახელმწიფოზე. ზუსტად ასე მოხდა წლების წინ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში სომხეთში, რომელმაც გაასხვისა რკინიგზა რუსულ კომპანიაზე, რაც დღესაც არის ერთ-ერთი გამოწვევა სომხეთისთვის.

ყველაფერი ხელისგულზეა, ყველაფერი ნათელია - არის ერთი გზა რომელიც წაგვიყვანს ევროპისკენ და არის გზა, რომელიც მიდის რუსეთისკენ და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთისკენ მიმავალი გზა დაანონსა“ - აცხადებს ვასო ურუშაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები