მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს რკინიგზა" ტვირთბრუნვის შემცირების მიზეზებს განმარტავს

5b5741851d11c
დავით ჯალაღონია
24.07.18 20:00
1101
„საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიულ ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის აკაკი საღირაშვილის განმარტებით, რკინიგზის ტვირთბრუნვის შემცირების ძირითადი მიზეზი ნედლი ნავთობის მილსადენებში გადანაცვლებაა.

„არსებობს სტრატეგიული უპირატესობა, რომელიც რკინიგზასთან მიმართებით ნედლი ნავთობის ტრანსპორტირების მხრივ ნავთობსადენს გააჩნია და აქ უბრალოდ რკინიგზა ნავთობსადენს კონკურენციას ვერ გაუწევს, რადგან ნავთობსადენით გადაზიდვა გაცილებით უფრო იაფი და დროშიც უფრო მოქნილია. ამიტომ საერთო ჯამში, ეს ტვირთი ქვეყნის მასშტაბით არ იკარგება და ქვეყანა მოგებას უკვე ნავთობსადენიდან ნახულობს. თქვენ თუ დააკვირდებით, რომელი ტვირთია დაკარგული რკინიგზის კორიდორში, აღმოაჩენთ, რომ ეს არის ნედლი ნავთობი. სხვა მხრივ, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ვიყოთ მოქნილები, კლიენტზე ორიენტირებულები და ტვირთები მოვიზიდოთ“, - განმარტა აკაკი საღირაშვილმა.

მისივე შეფასებით, „საქართველოს რკინიგზის“ სატარიფო პოლიტიკა თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს.

„რაც შეეხება ტარიფის დადგენას, აქ მოქნილობის ელემენტი გაგვაჩნია. სარკინიგზო კოდექსის მიხედვით, ტარიფი დერეგულირებულია, რაც ბიზნესის საუკეთესოდ კეთების საშულებას იძლევა, რადგან უფრო ადვილად მოერგები ბაზრის მოთხოვნებს, რასაც ბაზარი და კლიენტი გკარნახობენ. ასე არის მაგალითად, საერთაშორისო გადაზიდვების დროს, რა დროსაც ჩვენ ჩვენს მეგობარ რკინიგზებთან და ტვირთმფლობელებთან ერთად შევიმუშავებთ ტარიფს, რომ იყოს კონკურენტული სხვა ალტერნატიულ კორიდორებთან შედარებით და ამით მოვიზიდოთ ტვირთი“, - აღნიშნა აკაკი საღირაშვილმა.

გარდა ამისა, მისი განმარტებით, სარკინიგზო გადაზიდვების მოცულობა რეგიონში ეკონომიკურ განვითარებასთან არის დაკავშირებული.

„როგორი აქტივობაც არის რეგიონში, ზუსტად ისეთი იქნება რკინიგზის გადაზიდვა ქვეყნის და საერთაშორისო მასშტაბითაც. თუკი რეგიონში ქარხნები მუშაობს და ტვირთმფლობელებს აქვთ ტვირთი, ბიზნესი და ეკონომიკა ზევით ადის“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობამ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 5,015,233 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (5,264,393 ტონა) ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები