მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს რკინიგზამ" "აგარის შაქარს" სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფი შეუმცირა

5b0c31ab818d1
სალომე მეცხვარიშვილი
29.05.18 09:00
1109
"საქართველოს რკინიგზამ" "აგარის შაქარს" სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფი გადაუანგარიშა. შედეგად, 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სარკინიგზო გადაზიდვების ტარიფი 1 ტონა ტვირთზე 3,58 აშშ დოლარამდე შეუმცირა.

საქართველოს რკინიგზის აღნიშნული წინადადება საქართველოს მთავრობამ უკვე მოიწონა და დოკუმენტი ძალაში 18 მაისს შევიდა. „საპარტნიორო ფონდსა“ და „საქართველოს რკინიგზას“ კი კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება დაევალათ.

„საპარტნიორო ფონდში“ ადასტურებენ, რომ აღნიშნული საკითხი ნამდვილად იყო გატანილი მთავრობაზე განსახილველად, თუმცა, საბოლოოდ რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მათთვის უცნობია. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას რკინიგზა იღებს.

Bm.ge საქართველოს რკინიგზასაც დაუკავშირდა, სადაც ფაქტს ასევე ადასტურებენ, თუმცა, დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ. რკინიგზის ინფორმაციით, აქამდე ტონა ტვირთზე "აგარის შაქრის" ტარიფი 8 დოლარი იყო. 

აგარის შაქრისთვის ტარიფის შემცირება, სავარაუდოდ, უკავშირდება მოლაპარაკებებს, რომლებიც საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის გაიმართა და რომლის შედეგადაც, აგარის შაქარმა რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა უნდა განაახლოს.

ამ დრომდე უცნობი რჩება კონკრეტულად რა შეთანხმება შედგა "აგარის შაქარი"-ს მენეჯმენტსა და სახელმწიფოს შორის, რომლის შედეგადაც აგარის შაქარი მუშაობას დაიწყებს.

"აგარის შაქრის“ ქარხნის მფლობელი კომპანიის „აზერსუნის“ წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკოლოზ ნათბილაძემ სახელმწიფოსთან შეთანხმების შესახებ პირველად BM.GE-სთან ისაუბრა. მისი თქმით, იყო მთელი რიგი საკითხები, რაც ქარხნის მომგებიანობას აფერხებდა. სახელმწიფოსთან მოლაპარაკების შემდეგ კი ეს საკითხები მოგვარდება.

მოლაპარაკებების შემდეგ საწარმოს, სავარაუდოდ, სხვადასხვა ტიპის შეღავათები დაუწესეს, რის შედეგადაც ქარხანა მუშაობას განაახლებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში „აგარის შაქარმა“ მუშაობა რამდენჯერმე შეაჩერა. მიზეზად კი კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან ის ფაქტი სახელდებოდა, რომ ქართული პროდუქცია იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევდა. ქარხანა უკვე 6 თვეზე მეტია გაჩერებულია. კერძოდ, 1 ნოემბრიდან აგარის შაქრის კომპანიამ თანამშრომლებთან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობაც. თუმცა ქარხანაში მომუშავე პირების საპროტესტო აქციების შემდეგ პროფკავშირებისა და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ქარხანა მუშაობას, სავარაუდოდ, 1 ივნისიდან გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები