მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს რკინიგზას აუდიტის სამსახურმა სასამართლო დავა მოუგო

5b2c94cddf13c
BM.GE
22.06.18 10:15
3330
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სს ,,საქართველოს რკინიგზა" "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 261-ე მუხლის მიხედვით სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი.

სწორედ ამ სამართალდარღვევის ოქმის განხილვა შედგა 19 მარტს საქალაქო სასამართლოში, რის საფუძველზეც საპარტნიორო ფონდს დაქვემდებარებული სახელმწიფო კომპანია სს საქართველოს რკინიგზა 1000 ლარით დაჯარიმდა.   სხდომის მოსამართლე ნინო ჭალიძე იყო, ხოლო სხდომის მდივანი ბეჟან ნემსაძე.
აუდიტის სამსახურს, როგორც მოსარჩელე მხარეს სხდომაზე წარმოადგენდნენ: ნონა ესართია, სალომე ქიმერიძე, ხოლო პოპასუხე მხარე სააქციო საზოგადოება რკინიგზა იყო, რომელსაც სვიმონ ფირცხალაიშვილი, თინათინ პეტრიაშვილი წარმოაგდნენდნენ.

საქართველოს რკინიგზაში აუდიტის ჩატარების საკითხი მთელი კვირის განმავლობაში აქტუალური იყო პარლამენტში ნდობის გამოცხადების პროცედურების დროს.
უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მან მოიძია მასალები და მისი მტკიცებით საქართველოს რკინიგზაში აუდიტირება ჩატარებულია.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2017 წლის 11 დეკემბრის წერილით აცნობა სს ,,საქართველოს რკინიგზას“, რომ აუდიტის სამსახური განიხილავდა კომპანიის მიერ სატვირთო გადაზიდვების მართვის ეფექტიანობის აუდიტის 2018 წლის გეგმაში შეტანის საკითხს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტი ახორციელებდა წინასწარი შესწავლის პროცედურებს, რაც გულისხმობდა სატარიფო პოლიტიკის, სატვირთო გადაზიდვებისა და მისგან მიღებული შემოსავლების შესახებ რელევანტური ინფორმაციის მოძიებასა და ანალიზს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,საქართველოს რკინიგზას“ ეთხოვა ინფორმაციის მიწოდება ბოლო ათი წლის განმავლობაში განხორციელებული სატვირთო გადაზიდვების შესახებ (წლების მიხედვით), რომელიც მოიცავდა მონაცემებს გადაზიდული ტვირთის სახეობის, რაოდენობისა და გადაზიდვის ღირებულების შესახებ (ადგილობრივი, ექსპორტი, ტრანზიტი, იმპორტი).

აუდიტის მიმართვაზე არსებობს სს საქართველოს რკინიგზის პასუხიც:

„სს ,,საქართველოს რკინიგზის“ 2018 წლის 18 იანვრის N323 წერილით კომპანიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აცნობა, რომ სს ,,საქართველოს რკინიგზა“ არ წარმოადგენს აუდიტის ობიექტს, რამდენადაც მის მიმართ არ ვრცელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება“.

ამის შემდეგ გენერალური აუდიტორის ხელმოწერით კიდევ ერთი წერილი შედგა:

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 8 თებერვლის N01474/14 წერილით სს ,,საქართველოს რკინიგზას“ ეცნობა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ოქმის შედგენასთან დაკავშირებით.

სწორედ ამ სამართალდარღვევის ოქმის განხილვა შედგა 19 მარტს საქალაქო სასამართლოში, რის საფუძველზეც საპარტნიორო ფონდს დაქვემდებარებული სახელმწიფო კომპანია სს საქართველოს რკინიგზა 1000 ლარით დაჯარიმდა.

საქალაქო სასამართლოს ჩანაწერში ვკითხულობთ:

„სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,საქართველოს რკინიგზა“ წარმოადგენს ,,სახელმწიფო აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აუდიტის ობიექტს. მისი საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმებას. კომპანიისთვის გაგზავნილი მოთხოვნა, წარედგინა შესაბამისი ინფორმაცია,უნდა შესრულებულიყო სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მიერ. სასამართლოს ვერ გაიზიარებს სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მითითებას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში ჯერ კიდევ შემოწმება არ იყო დანიშნული და შესაბამისად, იგი არ წარმოადგენდა აუდიტის ობიექტს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კომპანიას მოსთხოვა ინფორმაცია სწორედ იმ მიზნით, რომ ჯეროვნად მომხდარიყო აუდიტის დაგეგმვა და შემდგომი განხორციელება. აღნიშნულში ხელის შეშლა უპირობოდ წარმოადგენს ,,სახელმწიფო აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას“

სასამართლოს დადგენილებით განაჩენი ასეთია:

1. სს ,,საქართველოს რკინიგზა" ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 261 მუხლით და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაედოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში.







გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები