“საქართველოს რკინიგზამ” წლის პირველი ნახევარი შემოსავლების 4.8%-იანი კლებით დახურა, თუმცა საკურსო მოგების გამო, საერთო შემოსავალი მკვეთრად გაეზარდა. სარკინიგზო კომპანიის ცნობით, 2025 წლის იანვარ-ივნისში “საქართველოს რკინიგზის შემოსავლებმა 295,6 მლნ ლარი შეადგინა, მხოლოდ მეორე კვარტალში კი შემოსავალი 143,8 მლნ ლარი იყო,რაც წლიურად 11%-ით, წინა კვარტალთან შედარებით კი 5% შემცირებული მაჩვენებელია.
“საქართველოს რკინიგზის” შემოსავლები
- 2025 წლის 6 თვე - 295,6 მლნ ლარი (-4.8%)
- 2024 წლის 6 თვე - 310,7 მლნ ლარი
- 2025 წლის II კვარტალი - 143,8 მლნ ლარი (-11%)
- 2024 წლის II კვარტალი - 161,8 მლნ ლარი
წყარო: საქართველოს რკინიგზა
ფინანსური ანგარიშგების თანახმად, წლიურ ჭრილში 53% -ით შემცირდა საოპერაციო მოგებაც, რამაც 6 თვეში 35.3 მლნ ლარი შეადგინა.
დოლარის მიმართ ლარის გამყარება დადებითად აისახა კომპანიაზე. შედეგად, "საქართველოს რკინიგზამ" დამატებით 40.4 მილიონი ლარი მიითვალა, რამაც ნახევარი წლის სრული შემოსავალი 64.7 მილიონამდე გაზარდა. შარშან ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი, საკურსო ზარალის ფონზე, მხოლოდ 2.6 მლნ ლარი იყო.
ჯგუფის შემოსავლების უმეტესი ნაწილი, დაახლოებით 57% ტვირთის გადაზიდვიდან მიღებული შემოსავალია. სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებულ შემოსავლებში კი, 68% სატრანზიტო ტვირთების ტრანსპორტირებაზე მოდიოდა. “GR-ის სატრანზიტო გადაზიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ვაჭრობაზე მოდის”, - აღნიშნულია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.
“საქართველოს რკინიგზის” შემოსავლები / 2025 წლის 6 თვეში
- ტვირთის გადაზიდვა 168,47 მლნ ლარი (-2.9%)
- ტვირთის დამუშავება 45,97 მლნ ლარი +9.5%
- ლოგისტიკური მომსახურება 52,88 მლნ ლარი (-20.8%)
- ვაგონების დაქირავება და სხვა საიჯარო შემოსავალი 2,18 მლნ ლარი (-15.4%)
- სატვირთო ვაგონის ტრანსსასაზღვრო გადასახადი 7,03 მლნ ლარი (-11%)
- მგზავრთა გადაყვანა 13,44 მლნ ლარი (-19.7%)
- გრანტის შემოსავალი* 4.2 მლნ +100%
- სხვა 1,38 მლნ +6.1%
წყარო: საქართველოს რკინიგზა




























