საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზა აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვას ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელებს. ამ გადაზიდვის უფასოდ გატარების შესახებ მთავრობამ ინფორმაცია 8 დეკემბერს გაასაჯაროვა, დღეს კი გამოქვეყნდა განკარგულება, რომელიც აღნიშნულს განსაზღვრავს.
განკარგულების თანახმად, ერთჯერადად საწვავის უფასოდ ტრანსპორტირების გადაწყვეტილება 2600 ტონა დიზელის საწვავს შეეხება.
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ეთხოვოს სს საქართველოს რკინიგზას ყველა საჭირო ღონისძიების გატარება, რათა ერთჯერადად უსასყიდლოდ მოემსახუროს აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი 2600 ტონა დიზელის ტრანზიტს საქართველოს ტერიტორიაზე,"- ნათქვამია განკარგულებაში.
ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, საქართველომ 5 დეკემბერს მიიღო თხოვნა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების რკინიგზის მეშვეობით, სომხეთში ტრანსპორტირების თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ერთჯერადად მოხდეს ამ ნავთობპროდუქტების გატარება საფასურის გადახდის გარეშე.
არსებული მდგომარეობით, უშუალოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი არ ოპერირებს, შესაბამისად, ორ ქვეყანას შორის ტვირთების გატარება საქართველოს რკინიგზის ტრანზიტის მეშვეობით ხორციელდება.




























