„საქართველოს რკინიგზის“ განვითარებისა და ინფრასტრუქტურული განახლებისთვის 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ტრანსპორტის სექტორისა და კერძოდ, რკინიგზის განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, რადგან ამ დარგს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
„განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს რკინიგზის განვითარებას და სწორედ აქედან გამომდინარე შევიმუშავეთ საქართველოს რკინიგზის ისტორიული განვითარების და განახლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე მიმდინარეობს არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, ინფრასტრუქტურული განახლება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდას, იქნება ეს უშუალოდ ტვირთნაკადის გამტარუნარიანობა, თუ ასევე უზრუნველყოფა იმისა, რომ ჩვენი სამგზავრო მიმართულება საქართველოს რკინიგზაში დღითი დღე უმჯობესდებოდეს და ჩვენ შევძლოთ, რომ უკეთესი მომსახურების ხარისხითა და სატრანსპორტო საშუალებებით ვუმასპინძლოთ შიდა და საერთაშორისო მოგზაურებს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მან ყურადღება იმ კონკრეტულ ფინანსურ რესურსზეც გაამახვილა, რაც სექტორის მოდერნიზაციას მოხმარდება.
„საქართველოს რკინიგზაში მასშტაბური ინვესტიციები განხორციელდება. მილიარდი ლარის ინვესტიცია, რომელიც უზრუნველყოფს, პირველ რიგში, უშუალოდ ტვირთნაკადის გამტარობის ზრდას და მეორე ეს უშუალოდ გახლავთ სამგზავრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.




























