"საქართველოს რკინიგზის დირექტორის განცხადება არასერიოზულია"
მაია ბიწაძე
14.04.18 19:04
• 1119
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის განცხადება იმის შესახებ, რომ ქართულმა მხარემ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს შესთავაზა თანამშრომლობა „შუა დერეფნის“ შესახებ „როუდშოუების“ და სხვადასხვა საინფორმაციო აქტივობების ორგანიზების თაობაზე, არასერიოზულია - ამის შესახებ Bm.ge-ს ექსპერტმა, ,,პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“ დამფუძნებელმა, დავით გოჩავამ განუცხადა.
,, „შუა დერეფანი“ არ არის ქართული ინიციატივა - ის თურქულია, და ამიტომ ქართული მხარე მის პოპულარიზებას ცენტრალურ საკითხად ვერ გახდიდა ჩინურ მხარესთან, ვერანაირად! ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ინიციატივის „სარტყელი და გზა“ დაწინაურების შესახებ თბილისმა, პეკინის დაუკითხავად, მოლაპარაკებები აწარმოოს, მაგალითად, ბაქოსთან, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ერთი სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ არიან განლაგებული.
ჩინეთის ინიციატივის „სარტყელი და გზა“ შესახებ ინფორმაციას ჩვენ ვეცნობით მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა წამოაყენა, ანუ 2013 წლიდან, და ჩვენ ჯერ არ შეგვხვედრია იმის მაგალითი, რომ რომელიმე ქვეყანას მის ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის პოპულარიზაციის მიზნით გამოყენებინოს ე.წ. „როუდშოუები“ და საერთოდ, ეს კონკრეტული აქტივობა, როგორც ცნობილია, ეხება კომპანიას, რომელსაც შეხება აქვს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებთან.
ქართულმა მხარემ უნდა მოიფიქროს საკუთარი ინიციატივა და შესაფერისი სახელი უნდა მოუძებნოს მას. მხოლოდ ასე დაიკავებს საქართველო ღირსეულ ადგილს „ახალი აბრეშუმის გზის“ გაყოლებით. ჩვენ არ გვჭირდება არც თურქული, არც ყაზახური ინიციატივების გამოყენება ჩინეთთან ურთიერთობების ასაწყობად, მით უმეტეს, რეგიონში სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციის შესრულებაზე თუ ვფქირობთ.
რაც შეეხება იმ ცნობას, რომ ჩინურმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, შეისწავლოს სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით გასაგზავნი ბლოკ-მატარებლებისათვის სუბსიდიების გამოყოფის შესაძლებლობის შესახებ, - კარგი და დროული ინიციატივაა, რადგან დღეს ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მოძრავი ყველა სამატარებლო რეისის განხორციელების მასტიმულირებელ ფაქტორს სწორედ იმ პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოყოფილი სუბსიდია წარმოადგენს, სადაც ეს რეისი იწყება. აღნიშნული იდეის განხორციელებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება ჩინეთის შესაბამის პროვინციებთან პირდაპირი კავშირების დამყარებას, ინიციატივის - „სარტყელი და გზა“ ფარგლებში“ - განაცხადა დავით გოჩავამ.