საქართველოს რკინიგზის შემოსავალი 2024 წლის 9 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით გაიზარდა და 490 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, კომპანიის წმინდა მოგება 26%-ით, 75.4 მილიონ ლარამდე შემცირდა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის მოგების შემცირება ძირითადად საკურსო სხვაობით მიღებულ 17 მილიონი ლარის ზარალს უკავშირდება.
საქართველოს რკინიგზის შემოსავლები 2024 წლის პირველ ნახევარში კომპონენტების მიხედვით ასე ნაწილდება:
შემოსავლის კატეგორია | შემოსავალი 2024 წლის 9 თვეში | ზრდა/კლება წინა წელთან |
სატვირთო ტრაფიკი | 269,817,000 | 3% |
ლოგისტიკური მომსახურება | 98,835,000 | -6% |
ტვირთის მართვა | 62,873,000 | -0.5% |
მგზავრთა მოძრაობა | 32,620,000 | -1% |
სატვირთო ვაგონის ტრანსსასაზღვრო გადასახადი | 11,942,000 | 4% |
სხვა | 10,529,000 | 175% |
ვაგონების ქირა და სხვა შემოსავალი | 3,864,000 | 23% |
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2024 წლის 9 თვეში საქართველოს რკინიგზამ მასში დასაქმებული 12 ათასი ადამიანის ხელფასზე 171.7 მილიონი ლარის ხელფასები გასცა, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯი 48 მილიონი ლარი იყო, ელექტროენერგიის, საწვავისა და სხვა სახარჯი მასალების ხარჯი 63 მილიონ ლარს შეადგენდა, სხვა ხარჯები კი 108 მილიონი ლარი იყო.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, საქართველოს რკინიგზის აქტივები 2.6 მილიარდ ლარს შეადგენს, ვალდებულებები კი 1.64 მილიარდი ლარია. კომპანიის ვალდებულებებს შორის უმსხვილესი 2021 წელს გამოშვებული 500-მილიონიანი ევროობლიგაციებია.