საქართველოს, როგორც განათლების ჰაბის პოპულარიზაციისთვის წლის ბოლომდე 1,6 მილიონი ლარი დაიხარჯება. განათლების სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში არსებული 6 უმაღლესი სასწავლებელი, აღნიშული თანხის განკარგვისთვის გამარტივებული შესყიდვის უფლებას ითხოვენ. ფული, სარეკლამო სააგენტოების მომსახურებისთვის, გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად, საგამოფენო სივრცეების მოსაწყობად და სხვა ღონისძიებებზე დაიხარჯება.
„გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უშუალოდ ვერ უზრუნველყოფენ უცხოელ სტუდენტებთან/პაციენტებთან დაკავშირებას, დღის წესრიგში დადგა უცხო ქვეყნებში იმ პროვაიდერებთან თუ სააგენტოებთან თანამშრომლობის საკითხი, რომლებიც ეწევიან უცხოელი სტუდენტების და პაციენტების ჩამოყვანას და ამასთანავე, (პარალელურად) ამ კუთხით პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს საგანმანათლებლო შესაძლებლობებს”, - ნათქვამია სამინისტროს დასაბუთებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ შესყიდვების სპეციფიკა, ტენდერების ჩატარების საშუალებას არ იძლევა. 1,6 მილიონი ლარიდან, ყველაზე მეტი თანხა - 990 ათასი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვისაა გათვალისწინებული. დარჩენილი თანხა, ასევე მოხმარდება გორის სასწავლო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტისა და ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჭიროებებს, მოიზიდონ უცხოელი სტუდენტები. თანხის ნაწილს თავად განათლების სამინისტრო დახარჯავს, ღონისძიებებისა ორგანიზებისა და კვლევების ჩასატარებლად.

























