საქართველოს საბანკო სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს, დაკრედიტების ზრდის ტემპი კი დაჩქარდა. მსოფლიო ბანკის ნოემბრის ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, სექტემბერში საკრედიტო პორტფელი, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, წლიურად 16.9%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც აგვისტოში ზრდა 14.8% იყო.
„სექტემბერში საკრედიტო პორტფელი, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, წლიურად 16.9 პროცენტით გაიზარდა (აგვისტოს 14.8 პროცენტის შემდეგ), რაც ძირითადად ბიზნესსესხებითა და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებით იყო განპირობებული“, - აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში.
ანგარიშის მიხედვით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები წლიურად 19.3%-ით გაიზარდა, ლარში გაცემული სესხების ზრდამ კი 15.2% შეადგინა. ამასთან, დაკრედიტების დაჩქარება ძირითადად ბიზნესსესხების ზრდას უკავშირდებოდა.
მსოფლიო ბანკის თანახმად, დეპოზიტების მოცულობა სექტემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, წლიურად 20.5%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი აგვისტოში 21.7% იყო. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ამ პერიოდში დედოლარიზაციის პროცესი გაგრძელდა.
„ლარის დეპოზიტები 32.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტები - 7.9 პროცენტით, რაც ამჟამად მთლიანი დეპოზიტების 43 პროცენტს შეადგენს“, - წერს მსოფლიო ბანკი.
მიმოხილვის თანახმად, საბანკო სექტორში გაუმჯობესებულია აქტივების ხარისხიც. სექტემბერში უმოქმედო სესხების წილი მთლიანი საკრედიტო პორტფელის 2.4%-მდე შემცირდა.
რაც შეეხება მომგებიანობას, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სექტემბერში აქტივებზე უკუგებამ (ROA) 4.1%, ხოლო კაპიტალზე უკუგებამ (ROE) 23% შეადგინა. ორივე მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. 2025 წლის სექტემბერში ROA 3.8%, ROE კი 22.6% იყო.
მსოფლიო ბანკი საბანკო სექტორის მდგომარეობას მდგრადად აფასებს და აღნიშნავს, რომ დაკრედიტების ზრდის დაჩქარებასთან ერთად, სექტორის მომგებიანობა მაღალ დონეზე დასტაბილურდა.
























