საქართველოს ბანკის ახალი გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე თვლის, რომ ბანკების ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს. როგორც კიკნაველიძემ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა, საერთაშორისო ტენდენციაც ზედამხედველობის ცენტრალური ბანკის შემადგენლობაში თავმოყრისკენ მიუთითებს. ამ კუთხით, საუკეთესო მაგალითად კიკნაველიძე ევროპის ცენტრალურ ბანკს ასახელებს.
"თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნულ ბანკს აქვს საკონსტიტუციო მოვალეობა, საბანკო სექტორის სტაბილურობა უზრუნველყოს, მაშინ ლოგიკურია, რომ ბანკების ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკში დარჩენილიყო. მოხარული ვარ, რომ ასეც მოხდა", - განაცხადა კიკნაველიძემ.
მისივე თქმით, საბანკო სექტორმა საქართველოში ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, "შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა" და ის ფაქტი, რომ საბანკო სექტორი ქვეყანაში სტაბილურია, როგორც ბანკების ასევე რეგულატორის დამსახურებაა.
"საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილურობა, მე მგონი, სამაგალითო უნდა იყოს არა მარტო რეგიონში, არამედ ბევრ განვითარებულ ქვეყანაშიც. ისეთი კრიზისები, როგორიც 2008 წელს იყო, რომელიც საქართველოს შემთხვევაში ომსაც დაემთხვა, საბანკო სექტორმა, ფაქტობრივად, უმტკივნეულოდ გადაიტანა. განვითარებადი ქვეყნების სავალუტო კრიზისს თუ შევხედავთ, რომელიც შარშან მოხდა, საქართველომ ეკონომიკურად გაცილებით ადვილად გაუძლო ამ შოკს, ვიდრე ჩვენი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკამ. საბანკო სექტორი საკმაოდ სტაბილურია და მე ვიტყოდი, რომ ეს როგორც ბანკების, ასევე რეგულატორის დამსახურებაა", - განაცხადა კიკნაველიძემ.

























