საქართველოს საელჩოებში ეკონომიკის სამინისტრო ეკონომიკურ ატაშეებს დანიშნავს. როგორც დღეს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ატაშეების დანიშნვა იმ ქვეყნებში მოხდება, სადაც საქართველოს სავაჭრო ბრუნვა აქტიურია.
"საკანონმდებლო ინიციატივა უკვე შემუშავებულია, რომელიც ეხება კომერციულ ატაშეებს, ეს აპრობირებული მეთოდია. კომერციული ატაშეები დაინიშნებიან ეკონომიკის სამინისტროდან, თუმცა იქნებიან, საგარეო საქმეთა სამინისტროს საელჩოს ქვეშ.
კანონპროექტს შიდა პროცედურები გავლილი აქვს, ჩვენ უახლოეს პერიოდში მას მთავრობაზე წარვადგენთ. ჩვენ სავარაუდოდ ეკონომიკურ ატაშეებს ყველა საელჩოში ვერ დავნიშნავთ, დავნიშნავთ მხოლოდ იმ მიმართულებით, სადაც ძალიან აქტიურია სავაჭრო ბრუნვა. თუმცა, საელჩოები რა თქმა უნდა ჩართულები უნდა იყვნენ ეკონომიკაში და მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის, განსაკუთრებით ექსპორტის გაძლიერებისთვის", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

























