„საქართველოს საფონდო ბირჟაზე, შესაძლოა, სახელმწიფო კომპანიების აქციები განთავსდეს“, - ამის შესახებ bm.ge-ის საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი ფარესიშვილმა განუცხადა.
ფარესიშვილი საფონდო ბირჟის გამოწვევებსაც ასახელებს და განმარტავს, რომ სახელმწიფო კომპანიების აქციების განთავსების შემთხვევაში, ბირჟის ლიკვიდურობა გაცილებით გაიზრდება, რაც თავის მხრივ, ჩვენი ბაზრის მიმართ უცხოელი ინვესტორების დაინტერესებას გამოიწვევს.
„ჩვენი ბაზრის მთავარი გამოწვევა გახლავთ ლიკვიდურობის ნაკლებობა. დღეს არ არის საკმარისი რაოდენობის ფასიანი ქაღალდები ბირჟაზე, რომელიც ხშირად ივაჭრება. ეს არის ძალიან დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი ინვესტორებისთვის, ვინაიდან არცერთ ინვესტორს არ სურს ისეთ ბაზარზე შემოსვლა, სადაც მარტივად რომ ვთქვათ, ფასიან ქაღალდს იყიდის და მერე ვეღარ გაყიდის. იმისათვის, რომ ბაზრის ლიკვიდურობა გაიზარდოს არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადასადგმელი როგორც რეგულაციის კუთხით, ასევე კომპანიებთან მუშაობის კუთხით. ჩვენ ვემუშავებით რამდენიმე პოტენციურ ემიტენტს, კომპანიებს, რომლებიც ფიქრობენ ფასიანი ქაღალდების გამოშვებაზე და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ბაზარზე იყვნენ ისეთი დიდი კომპანიები მაგალითად როგორიც არის საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, სახელმწიფო ელექტროსისტემა და ა.შ. ესენი არიან ცნობადი, დიდი კომპანიები. ჩვენ ვფიქრობთ, მათი აქციების მიმართ იქნება ძალიან დიდი ინტერესი საქართველოს საფონდო ბირჟაზე.
როგორც ვიცი, მთავრობა მსჯელობს ამაზე, ეს დანონსდა კიდეც მათი მხრიდან, რომ შესაძლებელია, მაგალითად საქართველოს რკინიგზის აქციების გაყიდვა მოხდეს. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა, რომ ეს პროცესები დასრულდეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს დიალოგი მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან ამ თემაზე და გვაქვს სურვილი ეს კომპანიები ადრე თუ გვიან ვიხილოთ საქართველოს საფონდო ბირჟაზე“, - აცხადებს თბილისის საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ფარესიშვილი.