მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა, ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია მსოფლიოში"

574c23e798b4e
BM.GE
30.05.16 15:27
1691
საქართველოსა და სლოვაკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ გახსნეს.
 
სიტყვით გამოსვლისას საქრთველოს პრემიერ-მინისტრმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ბიზნესფორუმი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში.

"საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია მსოფლიოში, გულისხმობს თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს და გამარტივებულ საბაჟო პროცედურებს, დაბალ ტარიფებს იმპორტზე და მსუბუქ არასატარიფო რეგულაციებს. ჩვენი ერთ-ერთი მთვარი პრიორიტეტია მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან ინტეგრაციის გზით ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაცია", - განმარტა პრემიერმა.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, რომელიც მოიცავს: საგადასახადო კანონმდებლობისა და ადმინისტრირების გაუმჯობესებას; ღია მმართველობისა და ინკლუზიურობის დონის ამაღლებას; საბაზო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაჩქარებას; პროფესიული და უმაღლესი განათლების რეფორმას.

"საქართველო განაგრძობს ფართომასშტაბიანი და ამომწურავი რეფორმების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს ბიზნესგარემოს შემდგომ გაუმჯობესებას, სამუშაო ადგილების შექმნას, საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას და მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას,“ – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ტექნოლოგიური პარკის შესაძლებლობები გააცნო. მისი თქმით, სულ მალე დაიწყება ე.წ. სტარტაპების პროგრამა, რომელიც პროგრამაში ჩართულ პირებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ თავიანთი ბიზნესიდეები.

საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები