მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საგარეო ვექტორის შეცვლის მცდელობას წერტილი უნდა დაესვას - ინტერვიუ ნიკა გამყრელიძესთან

ნიკა გამყრელიძე

ბიზნესმენ ნიკა გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას საგარეო ვექტორის შეცვლის მცდელობას, მოქალაქეებზე მორალურ და ფიზიკურ ძალადობას და ასევე, ყველანაირ კორუფციას.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა და დასძინა, რომ საქართველოს განვითარებისთვის სტაბილური გარემო და იმ გზაზე დაბრუნება სჭირდება, რომელსაც დროებით მოვწყდით.

„უნდა შევძლოთ დასავლურ ვექტორზე დაბრუნება და შევასრულოთ საშინაო დავალებები იმ ისტორიული მისიის ბოლომდე მისაყვანად, რომლის შანსი უკრაინის თავგანწირვის შედეგად მოგვეცა“, - ამბობს ბიზნესმენი.

- ნიკა, რა პროცესების მიდის ახლა საქართველოში და როგორ ფიქრობთ, რატომ გამოგვიწვია ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ - რატომ აბრაზებს ქართველ ხალხს?

- პირველ რიგში, წარმატებები მინდა ვუსურვო თავისუფლების მოყვარე მოქალაქეებს, რომლებიც უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყნის დასავლური ორბიტიდან შეტრიალების მცდელობას; სხვანაირად ამას ვერ შევაფასებ - ეს არის ცალსახა მცდელობა და იმედია, არ გამოვა. რაც შეეხება თქვენს კითხვას - რატომ გამოგვიწვია [ბიძინა ივანიშვილმა], ჩემთვის გაუგებარია. ბევრი კონსპირაცია შეიძლება იყოს, ამაზე ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ ის, რაც ხდება, ცალსახად მიუღებელია, როგორც ერთი მოქალაქისთვის.

- უწყვეტი პროტესტის მერვე დღეა. ასიათასობით მოქალაქე დგას ქუჩაში. რატომ არ უნდა „ოცნების“ ხელისუფლებას ხალხის „დანახვა“?

- დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ხედავს ამ ხალხს; შეიძლება, ტელევიზიის თანდასწრებით არ ამბობენ, მაგრამ ნებისმიერ, თუნდაც მიკერძოებულ კამერას ან დრონს რომ შეახედო, შეუძლებელია ვერ დაინახო რამდენი ადამიანია ქუჩაში. უბრალოდ მიდის ერთგვარი ვაჭრობის პროცესი მოქალაქეებთან და მთავარია, არ დავიღალოთ.

- და ალბათ მთავარია, კიდევ უფრო მეტმა მოქალაქემ ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია...

- დიახ. ჩვენ ვნახეთ ბევრი მოქალაქის მიერ პოზიციის დაფიქსირება, რომელიც აქამდე, არც ამ მთავრობის და არც წინა მთავრობის დროს, არ გვინახავს. მათ შორის ვნახეთ საჯარო მოხელეების განცხადებები - მხოლოდ ერთხელ, 2007 წელს მახსოვს ელჩების განცხადება... ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთ პოლიტიკურ კრიზისში აქამდე არ ყოფილა, რამაც განაპირობა მსგავსი ტიპის პროტესტი. არ მახსოვს რუსთაველის გამზირზე მსგავსი რაოდენობის ხალხი, ასე სპონტანურად შეკრებილი, რომელსაც არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მიკროფონით არ უდგას წინ...

- თუმცა ჩვენ ირგვლივ არიან მოქალაქეები, ვინც ფიქრობს, რომ რაც ახლა ქვეყანაში ხდება, არის პოლიტიკა და ეს მათ არ ეხებათ... „მე აპოლიტიკური ვარ“ - მოგვისმენია ალბათ მსგავსი წინადადება. როგორ ავუხსნათ საზოგადოების ამ ნაწილს, რომ მათაც ეხებათ?

- 28 ნოემბრის შემდეგ, იმდენად ცხადი სიტუაციაა, რომ მიდგომა - „მე არ მეხება“ - მგონი, უკვე არ მუშაობს. ზოგადად, ჩემთვის მიუღებელია ბულინგი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს კონტრპროდუქტიულია და შეიძლება, უკუეფექტი მივიღოთ. ალბათ ბევრი უნდა ვისაუბროთ საჯარო სივრცეებში და ვესაუბროთ თანამოქალაქეებს, რათა უკეთ დავანახოთ რა რისკის წინაშეა ქვეყანა უკვე ცხრა თვეა და სიტუაცია სულ უფრო მწვავდება. ერთი პოზიტივი, რაც შეიძლება ამ პროცესს ჰქონდეს, არის ის, რომ ყველაფერში სიცხადე შევიდა - 28 ნოემბერი სრული სიცხადის შემოტანის დღე იყო იმ მხრივ, რომ არ არსებობს ბუნდოვანება, თუ რა ხდება ქვეყანაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები