მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებაში - ICAO

ფრენა თვითმფრინავი

“რეგიონული საჰაერო სივრცის გარკვეული ნაწილების მიუწვდომლობის გამო, ფრენების მარშრუტები ევრაზიული ქსელის მასშტაბით იცვლება, რის შედეგადაც სამხრეთ კავკასიის რეგიონი, მათ შორის, საქართველოს საჰაერო სივრცე, მნიშვნელოვან ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფნად ყალიბდება,” - ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონული ბიუროს დირექტორის, ნიკოლას რალოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, სადაც ის ხაზს უსვამს საქართველოს მიერ საერთაშორისო საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების, მდგრადობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს.

შპს საქაერონავიგაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლას რალო წერს, რომ დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებასა და გლობალური საავიაციო ქსელის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში.

მის წერილში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ავიაცია დღეს მზარდი საჰაერო მოძრაობის, გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და სამხედრო კონფლიქტების ფონზე განსაკუთრებით რთულ ოპერაციულ გარემოში ფუნქციონირებს.

“საქართველოს მიერ განხორციელებული ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს საჰაერო მოძრაობის შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას, მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და ავიაციის უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნებას, ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის (EUR/NAT) რეგიონში მაღალი შეფასებით სარგებლობს. აღნიშნული ძალისხმევა ასახავს საქართველოს მტკიცე ერთგულებას საერთაშორისო თანამშრომლობისადმი და საერთო მიზნისადმი - საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის სისტემის უსაფრთხო და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად”,- აღნიშნულია ICAO - ს წერილში.

პრესრელიზის თანახმად, ნიკოლას რალო განსაკუთრებულად აღნიშნავს საქართველოს საჰაერო ნავიგაციის მომსახურების პროვაიდერის – შპს „საქაერონავიგაციის“ – ოპერატიულ რეაგირებას, მჭიდრო კოორდინაციას მეზობელი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, მაღალი ინტენსივობის საჰაერო მოძრაობის ეფექტიან მართვასა და ავიაკომპანიებთან პროაქტიულ თანამშრომლობას, რამაც ხელი შეუწყო ფრენების უწყვეტობას და გლობალური საავიაციო მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის შენარჩუნებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები