მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას დავით ვარდიაშვილი უხელმძღვანელებს

სახელმწიფო ელექტროსისტემა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, დავით ვარდიაშვილი წარუდგინა.

ეკონომიკის მინისტრმა ახალ გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ყოფილ ხელმძღვანელს ვანო ზარდიაშვილს კი გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

სსე-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ვანო ზარდიაშვილმა, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

უწყების ცნობით, დავით ვარდიაშვილს აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო მმართველობის სფეროში. იგი სხვადასხვა პერიოდში იკავებდა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორის პოზიციას, იყო „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ დირექტორი ფინანსურ საკითხებში, მუშაობდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს წევრის/დირექტორის თანამდებობებზე. 2022-2025 წლებში იყო სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე სამცხე-ჯავახეთის მხარეში. 2016-2017 წლებში კი გახლდათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ასევე 14 წლის განმავლობაში იგი მუშაობდა შემოსავლების სამსახურის სტრუქტურებში. დავით ვარდიაშვილს მინიჭებული აქვს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი, არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, ასევე სამეცნიერო მონოგრაფიისა და არაერთი ტექნიკურ-სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.


ცნობისთვის, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ BMG აგვისტოს დასაწყისში წერდა. იმ დროისთვის სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ვანო ზარდიაშვილის გადადგომა 24-25 ივლისს, მთელ საქართველოში, ელექტროენერგიის გათიშვას უკავშირდებოდა, რაც BMG-ის რამდენიმე წყარომაც დაუდასტურა.

ჩვენი ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადება ვანო ზარდიაშვილმა პარასკევს, 31 ივლისს დაწერა და ამჟამად, ოფიციალურად, შვებულებაშია.

3 აგვისტოს კი ეკონომიკის სამინისტოში დაადასტურეს, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, ვანო ზარდიაშვილი კი შვებულებაში იყო. BMG-ის სამინისტროში ასევე უთხრეს, რომ ვარდიაშვილი სსეს-ის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა როდის დაინიშნა გაზის ტრანსპორტირების ხელმძღვანელი ამ თანამდებობაზე ან ვინ ჩაანაცვლა ხელმძღვანელის პოსტზე, ამ კითხვებზე სამინისტროში არ პასუხობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები