განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და ერთობლივი და უცხოური აკრედიტაციის მქონე პროგრამების განვითარების პოლიტიკის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტების – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის – უმაღლესმა საბაკალავრო STEM პროგრამებმა ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვეს.
ABET-ის სრული აკრედიტაცია მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ – „ბიოსამედიცინო ინჟინერია“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ „კომპიუტერული ინჟინერია“.
ABET აკრედიტაციის საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ისეთივე კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ამერიკის, ევროპისა თუ აზიის წამყვანი უნივერსიტეტების მიერ გაცემული საერთაშორისო დიპლომები.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, რეგიონში პირველად, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორმა პროგრამამ – „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ და „კომპიუტერული მეცნიერებები“ მიიღო. შედეგად, თსუ კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის 2017-2026 წლის, ხოლო ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროგრამის 2018-2026 წლის კურსდამთავრებულთა დიპლომები საერთაშორისოდ აღიარებულია. უნივერსიტეტმა ABET-ის აკრედიტაცია ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიასა და კომპიუტერულ მეცნიერებაში პირველივე ჯერზე, ყოველგვარი დათქმის გარეშე მიიღო.
მოგეხსენებათ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ მიმართულებით კი საქართველოს უნივერსიტეტების პროგრამების მიერ ABET აკრედიტაციის მოპოვება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია. სამინისტრო აქტიურად აგრძელებს უმაღლესი განათლების საფეხურზე ერთობლივი და ორმაგი პროგრამების მხარდაჭერას – როგორც პოლიტიკის, ასევე ფინანსური კუთხით, რათა საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები იყვნენ კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები მსოფლიო მასშტაბით.