სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა.
დოკუმენტის თანახმად, 2020-2021 წლებში ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს საქართველოს მთავრობის განკარგულებითა (2021 წლის 25 აგვისტოს N1471 განკარგულება) და ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში საკუთრებაში გადაეცა 6 სამედიცინო დაწესებულების აქციებისა და შპს-ების 100%-იანი წილი.
ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან ჰოლდინგმა, როგორც მართვის უფლების მიმღებმა, უსასყიდლოდ არსებობის ვადით, მართვის უფლებით მიიღო კიდევ ორი საავადმყოფოს 100%-იანი წილი. ამასთან, 2023 წელს ჰოლდინგმა დააარსა შპს „რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო“.
აღრიცხვის ინსტრუქციის მიხედვით, საჯარო სექტორის კომერციულ ერთეულებში არსებული წილების ასახვისათვის გამოიყენება კაპიტალმეთოდი, რაც ჰოლდინგში განხორციელებული არ არის.
აღრიცხვის ინსტრუქციის მიხედვით, განსაზღვრულია სსბასს-ის სავალდებულო მოთხოვნების გამოყენებიდან გადახრის საფუძვლები, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სავალდებულო მოთხოვნის შესრულება, ერთეულმა აღნიშნული ფაქტი უნდა გაითვალისწინოს სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებისას და გაამჟღავნოს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში, შესაბამისი გადახვევის მიზეზის ახსნით.
აუდიტი წერს, რომ სამინისტროში არ არის შემუშავებული აღრიცხვის ინსტრუქციის შესაბამისი ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკა, რომელშიც ახსნილი იქნებოდა სტანდარტის მოთხოვნებიდან გადახრის მიზეზები.
ასევე კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში სახელმწიფო საწარმოებში არსებული ინვესტიციების აღრიცხვაზე დაშვებულია სტანდარტებით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნებიდან გამონაკლისი/გადახრა, რომელიც სათანადოდ არ არის დასაბუთებული.
აუდიტი წერს, რომ ამ ყველაფრის შედეგად, ვერ მიიღეს რწმუნება 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „გრძელვადიანი ფინანსური აქტივების“ საბოლოო ნაშთის − 68,599,079 ლარის სისრულესა და სისწორეზე.




























