მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, შესაძლოა, შავ სიაში აღმოჩნდეს"

5a6f297182a8c
მაია ბიწაძე
29.01.18 18:00
1627
"საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, შესაძლოა, შავ სიაში აღმოჩნდეს",- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია Hub Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე აცხადებს. 

მისი განმარტებით, მიმდინარე წლის 15 იანვარს ქართული ავიაკომპანია GEOFLY Airways -ის საჰაერო ხომალდი ევროპის სამოქალაქო ავიაცაიის სააგენტოს EASA -ს ინსპექტორებმა არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, სარჟის საერთაშორისო აეროპორტში შეამოწმეს. ინსპექტირების დროს კი 22 დარღვევა აღმოაჩინეს, საიდანაც 14 მათგანი მე-3, ანუ უმძიმეს კატეგორიას მიეკუთვნება. 

“თავის დროზე ეს ხომალდი იყო რეგისტრირებული ქართულ ავიაკომპანიაში BRAVO AIR-ში, თუმცა, მას რეალურად მართავდა მფლობელი, რომელიც გახლავთ ყირგიზეთის მოქალაქე. როგორც კონფიდენციალური წყარო გვაწვდის ინფორმაციას, ეს თვითმფრინავი დაფრინავდა აკრძალულ ქვეყნებში და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაჰქონდა არადეკლარირებული ტვირთი. ამ გარემოებებიდან გამომდინარე ავიაკომპანია BRAVO AIR-მა საჰაერო ხომალდი (Airbus A300B4-203) რეგისტრაციიდან ამოიღო, რის შემდეგაც, გარკვეულმა პირთა წრემ სპეციალურად ამ საჰაერო ხომალდის დასარეგისტრირებლად ქართული ავიაკომპანია GEOFLY Airways-ი შექმნეს. 

აღნიშნული საჰაერო ხომალდის მფრინავები ძირითადად ყირგიზეთის მოქალაქეები არიან, დიდი ალბათობით გაყალბებული ლიცენზიებით, გამომდინარე იქედან, რომ ყირგიზეთში საერთოდ არ არის დარეგისტრირებული Airbus-ის ტიპის საჰაერო ხომალდები, მეტიც ყირგიზეთი არის ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შავ სიაში. 
საერთშორისო შეთანხმების თანახმად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო EASA-ს ასოცირებული წევრია და ისინი არ უნდა აღიარებდნენ ყირგიზეთში გაცემულ მფრინავის ლიცენზიებს, თუმცა ამაზეც სააგენტოს ხელმძღვანელობა რატომღაც თვალს ხუჭავს. 

ასევე აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია GEOFLY Airways-მა დაარსებიდან 3 თვეში აიღო ექსპლუატანტის სერთიფიკატი (AOC) მაშინ, როცა აღნიშნული პროცედურისთვის საშუალოდ საჭიროა 6 თვე, აქაც ნათლად ჩანს, რომ აღნიშნულ ავიაკომპანიას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მაღალჩინოსნები ლობირებენ”, - აცხადებს ურუშაძე. 
„სანამ სარჟის საერთაშორისო აეროპორტში აღნიშნული ფაქტი მოხდებოდა, საქართველო SAFA-ს რეიტინგში ბოლოდან მესამე ქვეყნის ადგილს იკავებდა, ამ უკანასკნელი შემთხვევის შემდეგ კი, ჩვენი კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, საქართველო ბოლოდან პირველ ადგილას გადაინაცვლებს. 2017 წლის მონაცემებით SAFA-ს რეიტინგში საქართველოს ჰქონდა 4.7 ინდექსი, როცა 2 ზე მეტი უკვე განგაშის ნიშანია, ეხლა უკვე გვექნება 6. 

SAFA ანგარიშს გამოსცემს კვარტალში ერთხელ, შემდეგი იქნება მარტი-აპრილში, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ევროკომისია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას უსაფრთხოების კომიტეტზე დაიბარებს, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება, სადაც განიხილება საქართველოს შავ სიაში შეყვანის საკითხი. თუ საქართველოს მთავრობამ არ მოახდინა სწრაფი რეაგირება, არ შეიცვალა არსებული პოლიტიკა, არ მოხდა კორუმპირებული საავიაციო ხელისუფლების გათავისუფლება და ავიაციის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი უწყებების რეორგანიზება, უარყოფითი შედეგი გარდაუვალი იქნება“ - აცხადებს ურუშაძე. 

მისივე განმარტებით, არსებული მდგომარეობის გამო ქართული ავიაკომპანიები ევროპის და EASA-ს წევრ ქვეყნებში ფრენისას მოექცევიან საავიაციო უსაფრთხოების სამსახურის, SAFA-ს განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ, SAFA-ს ინსპექტორებისთვის ქართული დროშით მფრინავი საჰაერო ხომალდების შემოწმება გახდება პრიორიტეტული, რაც შეიძლება მათი ფრენების შეფერხების მიზეზი გახდეს. 

ამ თემასთან დაკავშირებით Bm.ge -მ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან დაკავშირება სცადა, თუმცა უშდეგოდ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები