“ევროპული ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, მის გარეშე ვერც ერთი კომპანია ვერ იმუშავებს”, - ასე აფასებს ქართული კომპანიებისთვის ევროპულ ბაზარზე წვდომის მნიშვნელობას ევროპული ბიზნეს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ჯონ ბრაეკეველდტმა მედიასთან საუბრისას. მისი თქმით, საქართველოსთვის სარეალიზაციო ბაზრის ზრდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამ პროცესში კერძო სექტორს ხელს ბიზნეს ასოციაციები უწყობენ.
“ჩვენ გვჭირდება ევროპული ბაზარი იმიტომ, რომ ის საქართველოსთან შედარებით, დიდია. საქართველოს სჭირდება, რომ გაზარდოს სარეალიზაციო ბაზარი, ეკონომიკა, იმუშაოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, თუმცა სწორედ ამისთვის იქმნება ასოციაციები - თითოეული ჩვენგანი ცდილობს, რომ შევამციროთ სავაჭრო ბარიერები და ბიზნესებს ამ ბარიერების გადალახვაში ხელი შევუწყოთ. თუმცა ეს ერთ დღეში ვერ გაკეთდება, ამას დრო სჭირდება.
საქართველოში 20-წლიანი მუშაობის შემდეგ, დარწმუნებით ვიტყვი, რომ პროგრესი ყოველ წელს უფრო შესამჩნევია. ახლა გვჭირდება, რომ ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და დავრწმუნდეთ, რომ კარგი კანონმდებლობა გვაქვს, სამართლიანი კონკურენცია, ბიზნესის მართვის უნარები, კარგი შრომის კოდექსი და ა.შ.”, - განაცხადა EBA-ს გამგეობის თავმჯდომარემ.
EBA-ს გამგეობის თავმჯდომარემ ამის შესახებ მედიასთან ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის წევრების საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. ბრაეკეველდტმა ჟურნალისტებთან აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ელჩები ქართულ ბიზნეს სექტორს ევროინტეგრაციის საკითხებზე ესაუბრნენ.
“ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა EBA-სთვის, რომელსაც ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები ესწრებიან და ბიზნესთან ევროინტეგრაციაზე, კანდიდატის სტატუსზე, დელეგაციის პროგრესის ანგარიშზე საუბრობენ.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო AMCHAM-ს, რადგან ამ ღონისძიებაზე ერთად ვიმუშავეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმის საჩვენებლად, რომ ასოციაციები ერთად მუშაობენ იმისთვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს ერთი ხმა”, - ამბობს ბრაეკეველდტი.