მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურობა სახელმწიფო პოლიტიკაზეა დამოკიდებული"

5c5abb786cad9
მაია ბიწაძე
06.02.19 14:44
1003

"ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს საზღვრებზე და ნავსადგურებში ტვირთნაკადების მნიშვნელოვანი შემცირება ფიქსირდება", - ამის შესახებ Bm.ge-ს "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" დამფუძნებელმა და HUB Georgia-ს ექსპერტმა პაატა ცაგარეიშვილმა განუცხადა.

როგორც ექსპერტი განმარტავს, ამის თქმის საშუალებას მათი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ანალიზი აძლევს, რომელიც რკინიგზათა თანამეგობრობის ქვეყნების ორგანიზაციის (OSJD ვარშავა) მონაცემებს ეყრდნობა. ეს ორგანიზაცია 29 სახელმწიფოს აერთიანებს.

"ამ ეტაპზე, ცალკეული ტვირთნაკადების კლების კონკრეტული მიზეზების გამოსავლენად, აუცილებელია დამატებითი კომპლექსური კვლევების ჩატარება, რათა ტვირთების მიხედვით შეჩერებულ იქნეს სატრანსპორტო დერეფნით გადაზიდვების კლების ტრენდი", -აცხადებს ცაგარეიშვილი.

მისი თქმით, 2012-2017 წლებში სარკინიგზო გადაზიდვების 55%-იანი ვარდნა ფიქსირდება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, 42% - სომხეთის საზღვარზე. ასევე, შემცირებაა ნავსადგურებში - ბათუმში 72%-ით, ყულევში - 35%-ით, ფოთში -17%-ით. პარალელურად, იზრდება რუსეთის რკინიგზის გადაზიდვები საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის ჩიხურ მონაკვეთზე - თუ 2012 წელს რუსეთსა და ოკუპირებული აფხაზეთის საზღვარზე 0.1 მლნ ტონა ტვირთი დაფიქსირდა, 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 0.6 მლნ ტონა შეადგინა.

"სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად აპელირება იმის თაობაზე, რომ ნავთობი მილსადენში გადამისამართდა და ეს არის საქართველოზე გამავალი დერეფნით ტვირთნაკადების კლების ძირითადი მიზეზი, არასწორია. კერძოდ, ნავთოპროდუქტები არის დრამატულად შემცირებული, ნავთოპროდუქტები კი მილსადენებით არ გადაიზიდება.

ამის ნათელი მაგალითია თურქმენეთის მაზუთი, რომელიც ამჟამად საქართველოს ნავსადგურებში გადაიზიდება არა უმოკლესი - აზერბაიჯანისა და საქართველოს სარკინიგზო დერეფნით, არამედ, შემოდის რუსეთზე გამავალი ვოლგა-დონის არხით, ანუ ფაქტიურად აკეთებს „მარყუჟს“, ამის შემდგომ ფორმირდება პარტიებად და მიდის ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებში.

ყოვლად წარმოუდგენელია და ალოგიკურიც არის, რომ ტვირთმა ასეთი შემოვლითი გზით იმოძრაოს. ერთ წელიწადში, მხოლოდ ამ სქემით, თურქმენული მაზუთის მოცულობა ორჯერ გაიზარდა და 2018 წელს ნახევრ მილიონ ტონას მიაღწია.

ბუნებრივია, აქ ცალკეული ტვირთების გადაზიდვებში მეზობელი ქვეყნების ინტერესები იკვეთება, რომელთა მოგვარება სახელმწიფოთა დონეზეა აუცილებელი, რათა არ დაზარალდეს მთლიანად დერეფანი", - აცხადებს ექსპერტი.

"სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელის მოსაზრებით, ამ პრობლემების იდენტიფიცირება სახელმწიფოს პრეროგატივაა, წინააღმდეგ შემთხვევში, დერეფნით სატრანზიტო გადაზიდვები კიდევ შემცირდება, რაც თავის მხრივ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაბანდებული ფინანსური სახსრების დაბალ უკუგებას გამოიწვევს.



 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები