დღეს გახმაურებულ ინფორმაციას ,,საქართველოს რკინიგზაში“ არსებული კორუფციული გარიგებების შესახებ ,,სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“-ს დამფუძნებელი, ექსპერტი პაატა ცაგარეიშვილიც ეხმაურება და აცხადებეს, რომ ბოლო წლების (2012 – 2017 წწ) განმავლობაში, სატრანსპორტო სფეროში, ფინანსურ და სხვა სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა.
მაგალითად: საქართველოს რკინიგზის შემოსავლების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 2012 წელს - 1.8%-ს შეადგენდა, 2017 წელს კი - 1.2% -ს, ანუ შემცირებამ 33% შეადგინა. ამავე წლებში რკინიგზის შემოსავლები ლარებში - 9% -ით, აშშ დოლარში კი 39% -ით შემცირდა.
რკინიგზით გადაზიდვების შემცირებამ (2012-2017 წლებში) 47%-შეადგინა, მათ შორის მშრალი ტვირთები - 40%-ით, ნავთობი და ნავთოპროდუქტები კი 55%-ით შემცირდა.
პაატა ცაგარეიშვილის ინფორმაციით, შემცირებულია სატრანზიტო მაჩვენებლებიც, მაშინ როდესაც ქვეყანას ამბიცია აქვს შეასრულოს სატრანზიტო დერეფანის ფუნქცია. კერძოდ, მთლიანი ტრანზიტი - 59%-ით არის შემცირებული, ნავთოპროდუქტების ტრანზიტი 61%-ით, მშრალი ტვირთების - 53%-ით. გარდა ამისა, შემცირებულია ექსპორტიც - 35%-ით, იმპორტი - 18% -ით, ადგილობრივი გადაზიდვები - 37% -ით.
მისივე განმარტებით, ხშრად ,,საქართველოს რკინიგზაში“ ტვირთბრუნვის შემცირების მიზეზად სახელდება ის, რომ ნედლი ნავთობის - 87% მილსადენში გადავიდა, მაგრამ სხვა ტვირთები მილსადენში არ გადასულა, არადა შემცირება ამ მიმართულებითაც ფიქსირდება. კერძოდ, ადგილი აქვს სტრატეგიული გადაზიდვების შემცირებას - შაქარი 46%-ით, ფეროშენადნობები - 36%, ხორბალი 79%, მადნეული კი 42% -ით არის შემცირებული საქართველოს დერეფანში.
რკინიგზის საშუალებით საკონტეინერო გადაზიდვების 26%-იანი შემცირება ფიქსირდება და საქართველოს რკინიგზის წილი მთლიან საკონტეინერო გადაზიდვებში მხოლოდ 10%-ია, როდესაც ეს მაჩვენებელი ევროპულ ქვეყნებში 3-4 -ჯერ მაღალია.
შემცირებულია სამგზავრო გადაყვანებიც - 19% -ით.
როგორც ექსპერტი აცხადებს, ტვირთბრუნვა, რომელიც რკინიგზის მუშაობის შემაჯამებელ პარამეტრს წარმოადგენს, 43% -ითაა შემცირებული, ანუ თითქმის განახევრებულია. 2012 წელს ამ მაჩვენებელმა - 5 989 მლნ ტონა კმ, 2016 წელი კი - 3 424 მლნ ტონა კილომეტრი შეადგინა.
ყოველივე ამან გავლენა იქონია საზღვაო გადაზიდვებზეც და სამივე ნავსადგურში: ფოთში, ბათუმში და ყულევში, ტვირთბრუნვის შემცირებამ 35% შეადგინა. კერძოდ, 2012 წელს ეს მაჩვენებელი - 17.9 მლნ ტონას შეადგენდა, 2017 წელს კი - 11.6 მლნ ტონას.
გაუარესდა ქვეყნის ლოგისტიკური ინდექსიც და მან მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად 72 - დან 119 საფეხურზე გადაინაცვლა. 21 საფეხურით არის ჩამოქვეითებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ინდექსიც.
" ყოველივე აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს სატრანზიტო დერეფანი მიმზიდველობას კარგავს და ის კონკურენციას ვეღარ გაუწევს რეგიონში არსებულ სხვა ალტერნატიულ დერეფნებს. საჭიროა ამ ტენდენციის დაუყოვნებლივ შეჩერება, რაზეც უპირველესყოვლისა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს „ - განუცხადა Bm.ge-ს პაატა ცაგარეიშვილმა.