მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საუკეთესო არქიტექტურული კომპანიები - Architizer-ის რეიტინგი

Architizer

ჩვენი ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობაზე საუბარი, უკვე დიდი ხანია, დღის წესრიგში აღარ დგას, რადგან ჩვენი ბუნების, სამზარეულოს და სტუმართმოყვარე ხალხის შესახებ მთელ მსოფლიოში კარგად იციან. თუმცა ტურისტულ მიმართულებებთან ერთად, საქართველო საზღვარგარეთ არქიტექტურული კომპანიებითაც არის ცნობილი, რაც იმ არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოთი დასტურდება, რომლებსაც ჩვენი კომპანიები საერთაშორისო ასპარეზზე ეუფლებიან.

ამ ჯილდოებს თავი არქიტექტურულ წრეებში ცნობილმა პლატფორმამ, Architizer-მა მოუყარა თავი და საქართველოს საუკეთესო არქიტექტურული სახლების რეიტინგი შეადგინა, რომელშიც ათი ქართული კომპანია მოხვდა. თუმცა სანამ საუკეთესო არქიტექტორებზე და მათ კომპანიებზე მოგიყვებით, პირველ რიგში კრიტერიუმებს გაგაცნობთ. ამ რეიტინგისთვის, Architizer-ის გუნდი ხუთ შეფასებას დაეყრდნო, რომლებიც, უმეტესწილად, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში ფინალისტობას ან გამარჯვებას მოიაზრებს. ამასთან, მნიშვნელოვან კრიტერიუმად უშუალოდ Architizer-ის ბაზაში ატვირთული პროექტების რაოდენობაც განისაზღვრა.

Architizer-ის მიერ მომზადებული რეიტინგის მეორე ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:

#10 ადგილი — MUA Architecture & Placemaking

#9 ადგილი — AD1369105

#8 ადგილი — SEDUM.ARCHITECTS

#7 ადგილი — artytechs

#6 ადგილი — SPECTRUM

რომელი არქიტექტურული კომპანიები მოხვდნენ Architizer-ის რეიტინგის პირველ ხუთეულში? ამ კომპანიებისა და მათი პროექტების შესახებ უფრო დეტალურად მოგიყვებით.

#5 ადგილი - Laboratory of Architecture #3

Architizer-ის რეიტინგის მე-5 ადგილზე Laboratory of Architecture #3 მოხვდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი არქიტექტურული სახლია საქართველოში. ირაკლი აბაშიძემ და დიმიტრი შაფაქიძემ ის ჯერ კიდევ 2006 წელს დააფუძნეს. ამ არქიტექტურული სახლის ცნობილ პროექტებს შორის ვხვდებით, როგორც ძველ თბილისში მდებარე სასტუმრო Glarros Oldtown-ს და ხელოვნების სასახლესთან მდებარე Groove Desing Hotel-ს, ასევე რამდენიმე ისეთ კერძო სახლს, რომელთა ნახვამ, შესაძლოა, ფრიად გაგაოცოთ.

#4 ადგილი - MHD Group

საქართველოს საუკეთესო არქიტექტურული სახლების რეიტინგის მე-4 ადგილს MHD Group-ი დასჯერდა. ეს კომპანია 2012 წლიდან ფუნქციონირებს და ძირითადად, ზოგადი არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით ოპერირებს. MHD Group-ის პორტფელში სხვადასხვა შენობებს ვხედავთ, მათ შორის საცხოვრებელ კორპუსებს და კერძო სახლებსა. აი, სწორედ ამ კომპანიის დაპროექტებულია თბილისში მდებარე საჯარო რეესტრის შენობა, ისევე, როგორც თიანეთის, სტეფანწმინდისა და ახალქალაქის იუსტიციის სახლები.

#3 ადგილი - STIPFOLD

Architizer-ის რეიტინგის მე-3 ადგილს არქიტექტურული კომპანია STIPFOLD-ი დასჯერდა, რომლის სახელი ინგლისური “steep”-ისა და “fold”-ის, ანუ ციცაბოს და დაკეცვის კომბინაციას აღნიშნავს. თუმცა ეს კომპანია, როგორც ჩანს, ამ მიდგომას პრაქტიკაშიც იყენებს, რადგან STIPFOLD-ის ბევრი პროექტი, სწორედ ორიგამის ტექნიკით შესრულებულ ნამუშევარს ჰგავს. STIPFOLD-ის პორტფელის გამორჩეულ პროექტებს შორის, უმეტესწილად, კერძო სახლებს ვხვდებით, რომელთა დიზაინს კომპანია იმ გარემოს არგებს, სადაც ეს სახლები არის განთავსებული. STIPFOLD-ის გამორჩეულ პროექტებს შორის Architizer-ი წყნეთში მდებარე SLASHBACK-ს და თბილისში მდებარე რამდენიმე საინტერესო სახლს ასახელებს.

#2 ადგილი - Architects of Invention

საქართველოს საუკეთესო არქიტექტურული სახლების რეიტინგის მეორე ადგილი Architects of Invention-მა დაიკავა - არქიტექტირულმა სახლმა, რომელსაც ნიკოლოზ ჯაფარიძე ხელმძღვანელობს. თან, 2010 წელს დაფუძნებული ეს კომპანია იმითაცაა საინტერესო, რომ ის საქართველოს საზღვრებს არ სჯერდება და პროექტებში საკუთარი წვლილი შეუტანია, როგორც ჩილეში და შვეიცარიაში, ასევე გერმანიაში და კანარის და სეიშელის კუნძულებზეც კი. სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნის თბილისში მდებარე მთავარი პროკურორის შენობა. AI-ის პორტფელში ვხვდებით ლაზიკას მერიის შენობას, რომელიც ანაკლიაში აშენდა.

#1 ადგილი - Khmaladze Architects

მაშ, გადავიდეთ Architizer-ის რეიტინგის პირველ ადგილზე, რომელიც “ხმალაძის არქიტექტურულმა სახლს” ერგო. გიორგი ხმალაძე და მისი გუნდი, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არქიტექტურულ კომპანიას ქმნიან, რომელსაც საქართველოში და მსოფლიოში აღიარებულია არაერთი შენობა ეკუთვნის. სწორედ Khmaladze Architects-ის ფანქარს ეკუთვნის, როგორც MEAMA-ს სათავო ოფისი, ასევე MEAMA Collect-ის ბათუმის მაღაზია. ბათუმშივე, ხმალაძის არქიტექტურულმა სახლმა McDonald’s-ის შენობა შექმნა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ McDonald’s-ად ითვლება მსოფლიოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები