ეროვნული ბანკი რეზერვების შევსების პოლიტიკას ახორციელებს. სებ-მა დღესაც სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $10 მილიონი შესიყიდა. სებ-მა 2018 წლის განმავლობაში $197 მილიონი შეისყიდა, 2019 წლის პირველ ცხრა დღეში კი შესყიდული ვალუტის მოცულობა $25 მილიონს შეადგენს.
რეკორდულ მაჩვენებლამდე გაზრდის მიუხედავად, საქართველოს სავალუტო რეზერვები დღეს დაახლოებით იმდენივე რჩება, რამდენიც 2013 წელს იყო. სავალუტო რეზერვების ზომის ყველაზე დიდი ვარდნა 2014-2015 წლებში მოხდა, როდესაც საქართველოში დაწყებული სავალუტო კრიზისის შესარბილებად ეროვნულმა ბანკმა რეზერვების გაყიდვა დაიწყო.
IMF-ის დასკვნით, საქართველოს სავალუტო რეზერვები ეკონომიკის ზომასთან მიმართებით არაადეკვატური მოცულობისაა. IMF-ის შეფასების სისტემით - ARA metrics-ის მიხედვით, საქართველოს ქულა 0.9-ია, იმისთვის რათა რეზერვების მოცულობა ეკონომიკისთვის შესაბამისად ჩაითვალოს ის 1-1.5-ის ფარგლებში უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ სებ-მა ამ მაჩვენებლის მისაღწევად რეზერვები დაახლოებით, 10%-ით მაინც უნდა გაზარდოს.
საიდან ივსება სავალუტო რეზერვები?
რეზერვების შევსების რამდენიმე ძირითადი წყარო არსებობს, ესენია:
-
კომერციულ ბანკებში განთავსებული უცხოური ვალუტის დეპოზიტების მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ფარგლებში სებ-ში შენახული სახსრები. საბანკო ლიცენზიის შენარჩუნებისთვის, ყოველ ბანკს უწევს სებ-ში შეინარჩუნოს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნით დადგენილი მოცულობის თანხა. დღეს აღნიშნული კოეფიციენი 1 წლამდე ვადით მოზიდულ უცხოური ვალუტის სახსრებზე 25%-ია, ხოლო 1-დან 2 წლამდე ვადით მოზიდული აქტივებისთვის - 10%.
-
სავალუტო რეზერვების შევსების კიდევ ერთი წყარო საქართველოს სახელმწიფოს მიერ უცხოეთიდან მოზიდული სესხებია. როდესაც საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკიდან ან EBRD-იდან იღებს სესხს, დონორი ორგანიზაციები შესაბამისი მოცულობის თანხას ეროვნულ ბანკის ანგარიშზე რიცხავენ.
-
რეზერვების შევსების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყარო ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციებია (უცხოური ვალუტის შესყიდვა).

























