„საქართველოს საბანკო სისტემას ენდობიან და მთელი მსოფლიოს ინვესტორები ჩვენი აქციონერები არიან“, - განაცხადა ჟურნალ ანაკლიასთან ინტერვიუში მამუკა ხაზარაძემ. ბიზნესმენი თვლის, რომ ანაკლიის ქალაქს აქვს შესაძლებლობა გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი.
„როცა მულტინაციონალურ კომპანიებს და ადამიანებს ეუბნები, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მოკლე გზა ხარ, მათ უნდა შესთავაზო საოფისე ინფრასტრუქტურის, წარმოების და ადამიანური რესურსის ჩამოყვანის შესაძლებლობა; მათ უნდა მოუნდეთ მუდმივი წარმომადგენლობების გახსნა აქ, სადაც ევროპიდან აზიისკენ ტვირთის გატარება მოხდება. ამიტომ ანაკლია არა მხოლოდ გადაზიდვის, რეგიონში საერთაშორისო კომპანიების ჰაბიც უნდა იყოს. როგორც კი ჩნდება საერთაშორისო ოფისები, იქვე ჩნდება ფინანსური მხარდაჭერა. საქართველო არის უნიკალური ქვეყანა სამეზობლოში, რომლის 2 ბანკიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე მოქმედებს და ორივე „FTSE 250-ის“ მონაწილეა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სისტემას ენდობიან და მთელი მსოფლიოს ინვესტორები ჩვენი აქციონერები არიან. ეს რესურსი გვაქვს და შეგვიძლია, რეგიონისთვის ფინანსური ცენტრი გავხდეთ. ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაა, სამეზობლო ფინანსები საქართველოში მოვიზიდოთ. დავარქვათ მას „კავკასიის შვეიცარია“, ან ნებისმიერი სხვა რამ – ამის ბაზა დღეს შექმნილია და საქართველოში არსებობენ მოქმედი მოთამაშეები, რომლებიც ამ ამოცანას გაუმკლავდებიან“, - ამბობს ხაზარაძე.