საქართველოს შეუძლია შუა აზიის ქვეყნებისთვის ხორცის მიწოდების ჰაბი გახდეს, - პოტენციალზე „საქმის კურსში“ „აგროქიზიყის“ დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა ისაუბრა.
როგორც ფერმერი ამბობს, ხორცზე მოთხოვნა მაღალია, საქართველოს კი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე შეუძლია, ფერმების გამართვის შემთხვევაში, ცოცხალი მსხვილფეხა საქონელი შემოიყვანოს, გაზარდოს, გაასუქოს და შემდეგ ექსპორტზე გაიყვანოს.
„ეს არის დიდი ბაზარი. ძალიან დიდი მოთხოვნაა ხორცზე უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან... ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი დიდი პერსპექტივა და მგონია, რომ მომავალში საქართველომ ეს ნიშა უნდა გამოიყენოს. ვთვლი, რომ სახელმწიფოს ჩართულობა სტრატეგიის დონეზე აუცილებელია, რომ ამ კუთხით ქვეყანაში ადგილობრივი წარმოებაც გაიზარდოს და ჰაბის პოტენციალი ქვეყანამ გამოიყენოს“, - ამბობს ბექა გონაშვილი.
როგორც „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი განმარტავს ამ პოტენციალის ათვისებას ხელს უწყობს ზღვასთან სიახლოვე, რაც ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს გემებით საქონელი იმ ქვეყნებიდან შემოიყვანოს, სადაც შედარებით იაფი ღირს. ეს ფუფუნება კი, შუა აზიურ ქვეყნებს არ აქვთ.
„ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ საქონელი, გამოვკვებოთ, გავზარდოთ წონაში და გავიყვანოთ ექსპორტზე. ეს არ შეუძლია მაგალითად ყაზახეთს, უზბეკეთს თუ თურქმენეთს... მათ არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი. ჩვენ შეგვიძლია ზღვით შემოვიყვანოთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც იაფი ღირს. ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი საინტერესო საქმიანობა შეიძლება იყოს მომავალში საქართველოსთვის“, - მიიჩნევს ბექა გონაშვილი.
მისი თქმით, ქვეყანაში ხორცის უწყვეტი მიწოდებისთვის აუცილებელია სახელმწიფოს ხედვა და გეგმა ჰქონდეს. რადგანაც ხორცი სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი პირველი პროდუქტია. ამ მიზნისთვის კი, კომპლექსური მიდგომაა საჭირო, რათა ქვეყანამ ხორცის წარმოება გაზარდოს.
„მე მაქვს, რა თქმა უნდა, რაღაცა ვარიანტები და მათ შევთავაზებ სახელმწიფოს, თუმცა ეს არ იქნება მოკლევადიანი პროგრამა. მოკლევადიანი გეგმა საბოლოოდ ვითარებას არ შეცვლის ქვეყანაში. საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომ ხორცის წარმოება ქვეყანაში გაიზარდოს და ამისთვის გამოყენებული იყოს ადგილობრივი გენოფონდი, მომავალში კი, მოხდეს ჯიშების გაუმჯობესება“, - ამბობს გონაშვილი.




























