მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სხვადასხვა სექტორის ლიდერები ალტე უნივერსიტეტის მაგისტრანტების მენტორები გახდებიან

ალტე
07.08.26 16:08
251

მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გაღრმავებას აღარ ნიშნავს. ეს არის ეტაპი, როდესაც სტუდენტები პროფესიული განვითარების ახალ საფეხურზე გადადიან, აძლიერებენ პროფესიულ ქსელს და ცდილობენ, საკუთარი კარიერული გზა იმ ადამიანების გამოცდილებაზე დაყრდნობით დაგეგმონ, რომლებმაც წარმატებას უკვე მიაღწიეს. სწორედ ამ ხედვას ეფუძნება ალტე უნივერსიტეტის ახალი ინიციატივა - „მაგისტრანტთა მენტორობის პროგრამა“, რომლის ფარგლებში სტუდენტები ინდივიდუალურად იმუშავებენ სხვადასხვა სექტორის გამორჩეულ ლიდერებთან.

პროგრამაში ჩართულია რვა მენტორი, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი ლიდერები არიან. მათი პროფესიული გამოცდილება აერთიანებს საბანკო სექტორს, საინვესტიციო საქმიანობას, კორპორაციულ ფინანსებს, ჯანდაცვას, კაპიტალის ბაზრებს, სტრატეგიულ მართვას, ორგანიზაციულ ტრანსფორმაციასა და ბიზნესის განვითარებას. სწორედ ამ მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარებაა მენტორობის პროგრამის მთავარი ღირებულება - სტუდენტებმა სწავლების პარალელურად მიიღონ პრაქტიკული ცოდნა იმ ადამიანებისგან, რომლებმაც საკუთარი სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი, რამაზ კუკულაძე, 30-წლიანი გამოცდილების მქონე ლიდერია, რომლის პროფესიული საქმიანობა საბანკო სექტორს, ფინანსებს, ინვესტიციებსა და უმაღლეს განათლებას აერთიანებს. სხვადასხვა პერიოდში იგი ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა საქართველოს ბანკსა და Bank Republic-ში (Société Générale Group), დღეს კი აქტიურად არის ჩართული ლიდერების განვითარების, თანამედროვე განათლებისა და უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების პროცესებში.

საერთაშორისო საბანკო სექტორში სამ ათწლეულზე მეტი გამოცდილება აქვს ვანო ბალიაშვილს, რომლის კარიერა საქართველოს ფარგლებს გასცდა და მოიცავს ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის არაერთ ქვეყანას. სხვადასხვა პერიოდში იგი თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, მოგვიანებით კი სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და მრჩეველი იყო.

ნიკოლოზ გამყრელიძის პროფესიული გზა მსხვილი საინვესტიციო და ჯანდაცვის ჯგუფების მართვას უკავშირდება. იგი ხელმძღვანელობდა Georgia Healthcare Group-ს, იყო Georgia Capital PLC-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და მონაწილეობდა იმ ტრანსფორმაციულ პროცესებში, რომლებმაც კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტზე გაიყვანა. დღეს იგი კერძო ინვესტორია და სხვადასხვა სექტორში საინვესტიციო პროექტებს მართავს.

ფინანსურ სექტორსა და საინვესტიციო გარემოს განვითარებაში ორ ათეულ წელზე მეტი გამოცდილება აქვს მარიამ მეღვინეთუხუცესს. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD), TBC ბანკსა და საქართველოს ინვესტორთა საბჭოში, სადაც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობაზე მუშაობდა.

გიორგი ჭილაძის პროფესიული გამოცდილება სტრატეგიულ მართვას, კორპორაციულ ფინანსებსა და აქტივების მართვას აერთიანებს. წლების განმავლობაში იგი საქართველოს ბანკში ხელმძღვანელობდა სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს, დღეს კი Alpha Plus-ის აქტივების მართვის აღმასრულებელი დირექტორი და რამდენიმე კომპანიის დამოუკიდებელი დირექტორია.

სულხან გვალია ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფინანსური ლიდერია, რომელსაც 30-წლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებსა და კორპორაციულ ფინანსებში. სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს ბანკისა და Lion Finance Group-ის (LSE) ფინანსური დირექტორი, ასევე ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის პირველი ქართული ქსელის - E-Space-ის თანადამფუძნებელი.

საბანკო საქმიანობის, საინვესტიციო ბანკინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ვასილ ხოდელს. იგი მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ლიბერთი ბანკს, მანამდე კი საქართველოს ბანკში კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგის მიმართულებას. დღეს აქტიურად არის ჩართული საინვესტიციო საქმიანობასა და სტარტაპების განვითარებაში.

ავთო ნამიჩეიშვილის კარიერა ინვესტიციებს, კორპორაციულ სტრატეგიასა და ბიზნესის ტრანსფორმაციას უკავშირდება. წლების განმავლობაში იგი მართავდა Georgia Capital-ის პორტფელურ კომპანიებს და მონაწილეობდა სხვადასხვა ინდუსტრიის სტრატეგიული განვითარების პროცესებში, სადაც მუშაობდა ბიზნესების ზრდისა და გრძელვადიანი ღირებულების შექმნაზე.

მენტორობის პროგრამა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში იმუშაონ საკუთარ პროფესიულ მიზნებზე, განიხილონ რეალური ბიზნესქეისები, მიიღონ პერსონალიზებული უკუკავშირი და აკადემიური ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას დაუკავშირონ.

„პროფესიული წარმატება მხოლოდ ცოდნით არ განისაზღვრება. არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, სტრატეგიული აზროვნება და იმ ადამიანების გამოცდილება, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს. სწორედ ამიტომ მენტორობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ. ეს არის შესაძლებლობა, სტუდენტებმა აკადემიური ცოდნა რეალურ პრაქტიკას დაუკავშირონ, განსხვავებული პერსპექტივები დაინახონ და საკუთარი კარიერული გზა უფრო გააზრებულად დაგეგმონ“ - გიორგი ჭილაძე, “ალფა პლიუს აქტივების მართვის” აღმასრულებელი დირექტორი.

„მაგისტრატურის საფეხური ის ეტაპია, როდესაც სტუდენტებს უკვე აქვთ ცოდნის მყარი საფუძველი და იწყებენ ფიქრს იმაზე, როგორ გამოიყენონ ეს ცოდნა რეალურ პროფესიულ გარემოში. ვფიქრობ, სწორედ აქ იძენს მენტორობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ეს არის შესაძლებლობა, სტუდენტებმა გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად განიხილონ რეალური გამოწვევები, მიიღონ განსხვავებული პერსპექტივა და საკუთარი კარიერული გადაწყვეტილებები უფრო გააზრებულად დაგეგმონ. მიხარია, რომ ალტე უნივერსიტეტის მენტორობის პროგრამის ფარგლებში მეც მომეცემა შესაძლებლობა, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მომავალ პროფესიონალებს გავუზიარო.“ - ვანო ბალიაშვილი, Asakabank-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და სტრატეგიული კომიტეტის თავმჯდომარე.

ალტე უნივერსიტეტისთვის მენტორობის პროგრამა კიდევ ერთი ნაბიჯია განსხვავებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნისკენ, რომელიც სცდება სტანდარტულ სწავლების მეთოდებს და სტუდენტებს უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. აკადემიური ცოდნისა და ინდუსტრიის ლიდერების პრაქტიკული გამოცდილების შერწყმით უნივერსიტეტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, ჯერ კიდევ სწავლის პროცესში შექმნან პროფესიული კავშირები, უკეთ გაიაზრონ საკუთარი კარიერული მიმართულება და მომავალი გამოწვევებისთვის მეტი თავდაჯერებით მოემზადონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები