მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა თითქმის $1 მილიარდს მიაღწია - ISET

5c599b5b8691f
შოთა ტყეშელაშვილი
05.02.19 18:33
4108
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში საქართველოს სასურსათო და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა თითქმის 1 მილიარდი დოლარის მაჩვენებელს მიაღწია.

“2018 წელს საქართველოს ღვინის ექსპორტმა რეკორდი დაამყარა, როდესაც 200 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა ექსპორტზე (86 მლნ. ბოთლი). საქართველოსთვის რეკორდული იყო აგრო ექსპორტის მთლიანი ღირებულებაც, რომელიც 1 მილიარდ აშშ დოლარს მიუახლოვდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა,”- წერია ანგარიშში.

თუმცა, ექსპორტის ზრდასთან ერთად, გაიზარდა აგრო პროდუქციის იმპორტიც და მანაც რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. შედეგად, სავაჭრო ბალანსი (ექსპორტს გამოკლებული იმპორტი) დარჩა თითქმის უცვლელი -394 მლნ. აშშ დოლარის დონეზე. მიუხედავად ამისა, წლის ჭრილში ექპორტი გაიზარდა 23.2%-ით (181 მლნ. აშშ დოლარით), მაშინ როდესაც იმპორტი მხოლოდ 15.5%-ის გაიზარდა (179 მლნ. აშშ დოლარით). დამატებით 181 მლნ. აშშ დოლარში, მხოლოდ 26 მლნ. აშშ დოლარი მოდიოდა ღვინის ექსპორტზე, ხოლო უდიდესი ნაწილი კი - თამბაქოსა და სიგარეტის რე-ექსპორტზე. თამბაქოსა და სიგარეტის ექსპორტი 240%-ით გაიზარდა გასულ წელს და საქართველოს აგრო-სასურსათო პროდუქტებში ღვინის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა (160 მლნ. აშშ დოლარით).

რაც შეეხება საქართველოს აგრო პროდუქტების სხვა მოწინავე კატეგორიებს, 2018 წელს წინა წელთან შედარებით ზრდა დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების, ბუნებრივი და მინერალური წყლების, ცხვრის ხორცის, ციტრუსისა და ატმის ექსპორტში, ხოლო თხილისა და ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტში ვარდნა ფიქსირდება.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წელი ქართული ხილის ექსპორტისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. იმის მიუხედავად, რომ თხილის ექსპორტი 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით 13.5 მლნ აშშ დოლარით დაეცა, ხილის ჯგუფში (0801-0810 ჰარმონიზებული კოდების სისტემაში) თითქმის ყველა სხვა პროდუქტის ექსპორტი
გაიზარდა.

ქვეყნიდან ხილის (თხილის გამოკლებით) ექსპორტის მზარდი ტენდენცია შეინიშნება 2015 წლიდან, როცა საქართველო საერთაშორისო ბაზარზე მხოლოდ 6.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხილი გაყიდა, მაშინ როცა 2018 წლის შესაბამისმა მაჩვენებელმა 17.6 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

უშუალოდ წინა წელთან შედარებით კი, ხილის (თხილის გამოკლებით) ექსპორტის ღირებულება დაახლოებით 50%-ითაა გაზრდილი.

ხილის ექსპორტი უმეტესწილად გაზრდილია კურკოვანი ხილისა (მაგ., ატამი, (ალუბალი, ქლიავი და სხვა) და ციტრუსების ექსპორტის ხარჯზეა, რომელთა ღირებულების ნამატმა 2018 წელს, შესაბამისად, 3.5 და 4.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით ციტრუსმა საქართველოს საექსპორტო პროდუქტების საუკეთესო ათეულში ადგილი შეინარჩუნა. აღსანიშნავია ყურძნით საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემებიც.

მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ სიდიდეში ყურძნის ექსპორტი მოკრძალებულად გამოიყურება, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, მისი ღირებულება დაახლოებით, 8-ჯერ გაიზარდა და ბოლო წლების რეკორდულ მაჩვენებელს - 0.8 მლნ აშშ დოლარს - მიაღწია. გასულ წელს ხილის ექსპორტში პოზიტიურ ძვრებს საქართველო, ძირითადად, კარგ მოსავალს უნდა უმადლოდეს.

მართალია, 2018 წელს ქვეყანაში წარმოებული ხილის ჯამურ რაოდენობაზე ოფიციალური სტატისტიკა ჯერ ხელმისაწვდომი არაა, მაგრამ არსებული შეფასებებით, 2018 წელი ციტრუსის მოსავლისთვის ბოლო პერიოდის ერთერთი საუკეთესო წელი იყო, ხოლო გასული რთველის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ყურძნის მოსავალი 2017 წლის მაჩვენებელს 20’000 ტონაზე მეტით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები