„დღეს შემთხვევით აღმოვაჩინე , რომ ჩემი პლანტაციის ნაწილი სხვისთვის გადაუციათ. ეკონომიკის სამინისტროს მიერ ქართული ჩაი დისკრედიტირებულია. ისე ჩამოგვართვეს ჩვენს იჯარაში არსებული პლანტაციის ნაწილი და გადასცეს სხვას, რომ საერთოდ არ შეუტყობინებიათ, არადა ამ იჯარისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას ვიხდი. ვიღაცას საჩივარი შეუტანია და ჩვენი რეაბილიტირებული ჩაის პლანტაცია ისე მისცეს, საერთოდ არ გაგვიგია. მოპასუხე მხარედ სასამართლოში ამ ადამიანს ეკონომიკის სამნისტროს წარმომადგენელი დაუჯდა, ისე რომ ჩვენ არც დაგვიძახეს“ - განაცხადა ილია ბასილაშვილმა.
მისივე განმარტებით, ეკონომიკის სამინისტროსგან მხარდაჭერის ნაცვლად პრობლემებს აწყდებიან და როდესაც ამ უწყებას მიმართავენ, პასუხსაც არავინ სცემთ.
,, პლანტაციებს საკუთრებაში არ გვაძლევენ, იჯარაზე სასწაულ თანხებს გვიწესებენ, 500 ლარია წელიწადში ჰექტარზე გადასახდელი, რომელიც აბსოლუტურად ამორტიზებულ მდგომარეობაში ავიღეთ და ჩვენ ვუკეთებთ რეაბილიტაციას.
იმის ნაცვლად, რომ მადლობას მეუბნებოდნენ, ასე გაუგებრად გვექცევიან, ამხელა ჩაის ფაბრიკა ავაშენეთ, ხალხს ვასაქმებთ... ამ ნაგავსაყრელზე 1,5 მილინის ღირებულების საწარმო ავაშენე, ოცამდე ადამიანი ფაბრიკაში დავასაქმე და 600-700 ბენეფიციარი მყავს, რომელიც ჩაის კრეფს და მაწვდის. თურქეთში დადის ჩვენი ხალხი სამუშაოდ და არ ჯობია, რომ სამშობლოში იმუშაონ, ოჯახები აქვე შეინახონ და ეს ჩაით აშენებული სახლები რომ თავზე ენგრევათ, ეს მდგომარეობა გამოსწორდეს?
მაქვს კითხვა, რომ თუ ეს პლანტაცია ეკუთვნოდა ამ ადამიანს, მათიკო ნაჭყებიას, მაშინ მე რატომ მომაკუთვნეს, ან ფულს რატომ მახდევინებენ? მოვითხოვ, რომ ეს 5 ჰექტარი, რომელიც იჯარით მაქვს აღებული, საკუთრებაში ერთ ლარად გადმომცენ, რადგან ამ ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის ჰექტარზე 9-10 ათას ლარს ვხარჯავ და ხალხს ვასაქმებ. ესენი სანდო არ არიან, იჯარით აღებულს მართმევენ, საკუთრებაში არსებულს კი ასე ადვილად ვეღარ წამართმევენ “ - აცხადებს მეწარმე.
როგორც ილია ბასილაშვილი Bm.ge-სთან საუბრისას განმარტავს, წელს ,,საქართველოს თაიგულმა“ 6 ტონა ჩაის პროდუქცია დაამზადა, თუმცა, ნედლეულის არსებობის შემთხვევაში, მის საწარმოს ათჯერ მეტის წარმოება შეუძლია.
,,ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია წელიწადში 50 ტონა მაღალი ხარისხის ჩაი ვაწარმოოთ. ეს რამდენიმე სოფელში სამუშაო ადგილებს და სოფლის გადარჩენას ნიშნავს. მე კი არ უნდა ვეხვეწებოდე ეკონომიკის სამინისტროს, თავად უნდა მოდიოდნენ და მთავაზობდნენ პლანტაციების გადმოცემას, რადგან ამხელა ფაბრიკა ავაშენეთ. ვითხოვ, რომ 20 ჰექტარი მაინც მომცენ კერძო საკუთრებაში სიმბოლურ, ან ნორმატიულ ფასად და მე შევასრულებ იმ პირობებს, რაც დამეკისრება“ - განაცხადა ილია ბასილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს თაიგულის“ საწარმო ოზურგეთში მდებარეობს. მის მშენებლობას და მოწყობას 428 ათასი დოლარის ინვესტიცია დასჭირდა, რომლის ნაწილიც გრანტი, ნაწილი კი კერძო ინვესტიცია იყო.
თემაზე BM.GE ეკონომიკის სამინისტროსაც დაუკავშირდა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.