მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები EU-თან და ჩინეთთან მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას გვაძლევს - „იასა ჯორჯია"

მარკუს მიულერი

გლდანის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოქმედი მაღალი სიზუსტის კომპონენტების მწარმოებელი კომპანია „იასა ჯორჯიას“ დამფუძნებელი და დირექტორი მარკუს მიულერი BMG-ის გადაცემაში „საუბრები ავიაციაზე“ ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს ძლიერი მხარე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებია, რაც კომპანიას საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

როგორც მარკუს მიულერი ამბობს, საქართველო გამორჩეულად ხელსაყრელ პოზიციაშია, რადგან მას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს როგორც ჩინეთთან და ევროკავშირთან, ისე სხვა მსხვილ სავაჭრო გაერთიანებებთან.

"ვფიქრობ, საქართველო გამორჩეულად ხელსაყრელ მდგომარეობაშია, რადგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს როგორც ჩინეთთან და ევროკავშირთან, ისე სხვა მსხვილ სავაჭრო გაერთიანებებთან. არ მახსენდება სხვა ქვეყანა, რომელსაც აღმოსავლეთთან და დასავლეთთან ერთდროულად ასეთი შესაძლებლობები აქვს. ეს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას გვაძლევს. მაგალითად, საავიაციო დანიშნულების მაღალი სიმტკიცის ალუმინი შეგვიძლია ისეთი ქვეყნებიდან შევიძინოთ, როგორიც ჩინეთია. სხვათა შორის, ზოგ შემთხვევაში მისი ხარისხი გერმანული წარმოების ალუმინსაც აღემატება, ფასი კი გაცილებით ხელსაყრელია. ამასთან, პროდუქტის დამატებული ღირებულების უდიდესი ნაწილი შეგვიძლია აქ ჩვენს საწარმოში შევქმნათ. ვგულისხმობ არა მხოლოდ დეტალების დამზადებას, არამედ მათი ზედაპირის დამუშავებასაც, რასაც ავიაკოსმოსურ მრეწველობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ასევე ცალკეული კვანძების აწყობას. ამის შემდეგ მზა პროდუქცია შეგვიძლია პირდაპირ საჰაერო გზით, ერთ ღამეში მივაწოდოთ დამკვეთს, ამ შემთხვევაში „ბოინგის“ საწარმოს გერმანიაში", - ამბობს მარკუს მიულერი.

სრული ინტერვიუ ნახეთ აქ: „ბოინგი“ დამკვეთად და პირველი ქართული საავიაციო დეტალების წარმოება | ინტერვიუ მარკუს მიულერთან

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები