ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ერთი წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც 2025–2026 წლებში განხორციელებული პროექტები, ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადების შედეგები და ქართველი მოსწავლეების მიღწევები წარადგინეს. საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი 2025 წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, თიბისის მხარდაჭერით დაფუძნდა. მისი მიზანია საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ერთიანი ეკოსისტემის განვითარება, ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, ეროვნული ნაკრებების პროფესიული მომზადება და საერთაშორისო ოლიმპიადებში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა. 2026 წელს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებებმა ოთხ საერთაშორისო ოლიმპიადაზე 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი, ასევე 4 საპატიო სიგელი მოიპოვეს.






























