ოფიციალური სტატისტიკით 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან თხილის ექსპორტი 12.2%-ით შემცირდა.
მიმდინარე წელს საქართველომ თხილის გაყიდვიდან 26.9 მლნ აშშ დოლარი მიიღო, 2023 წლის საანგარიშო პერიოდში კი, 30.6 მლნ აშშ დოლარი. შემცირების პარალელურად, შეცვლილია საექსპორტო ბაზრებიც. 2023 წელს თუ ქართული თხილის საექსპორტო ხუთეულში ევროკავშირის 4 ქვეყანა იყო, წელს მხოლოდ სამია. ხუთეულს მიღმა დარჩა გერმანია, რომელიც საანგარიშო პერიოდში ექსპორტში პირველ ადგილს 5.5 მლნ აშშ დოლარით იკავებდა, წელს კი, მხოლოდ 1.3 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის შემსყიდველია.
2024 წლის იანვარ-აპრილში თხილის TOP-5 საექსპორტო ბაზარი:
- ესპანეთი - 5.5 მლნ აშშ დოლარის 728 ტონა; (თანხაში ზრდა 47.6%)
- რუსეთი - 2.1 მლნ აშშ დოლარის 313.3 ტონა; (თანხაში ზრდა 16%)
- სომხეთი - 1.8 მლნ აშშ დოლარის 406.5 ტონა; (ზრდა 86.6%)
- საფრანგეთი - 1.7 მლნ აშშ დოლარის 217 ტონა; (კლება 21.3%)
- იტალია - 1.6 მლნ აშშ დოლარის 239 ტონა; (კლება 67%)
წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან ყველაზე მეტი თხილი და სხვა კაკალი 2015 წელს გავიდა 61.9 მლნ აშშ დოლარის. ყველაზე ნაკლები კი, 2019 წელს 13.8 მლნ აშშ დოლარის.