მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია 2023–2030: ხედვები, მიზნები, ამოცანები, რისკები

ანაკლია

საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიის მთავარი ხედვაა საქართველოს როგორც რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბება.

ლოგიკური ჩარჩო რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას მოიცავს და მოკლედ შევეხოთ თითოეული მათგანს:

პირველი – ლოგისტიკური სექტორის ეფექტურობის და კონკურენტუნარიანობის ამაღლება – აქ აქცენტი ძირითადად კეთდება ლოგისტიკის ინდექსში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებაზე და სამიზნედ 2030 წლამდე გათვლილია, რომ საქართველომ ინდექსში პოზიცია სულ მცირე 10 ადგილით უნდა გაიუმჯობესოს და ასევე, აქცენტი კეთდება დასაწყობების და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობების დამატებული ღირებულების ზრდაზე – აქ 2026 წელს საქართველოს უნდა ჰქონდეს 27%–იანი ზრდა; 2030 წელს კი – 55%–იანი ზრდა. ამ მიზნების მიღწევის გზაზე მთავარ ამოცანებად იდენტიფიცირებულია მიწოდების ჯაჭვის მართვის პრაქტიკის გაუმჯობესება და ლოგისტიკური ხარისხის ამაღლება და ინტერმოდალური ინფრასტრუქტურის განვითარება და კლასტერიზაციის ხელშეწყობა.


ამოცანების ნაწილში შედეგების ინდიკატორებად მიჩნეულია უფრო მაღალი ხარისხის მქონე კომპანიების რაოდენობის ზრდა; ასევე ლოგისტიკური ცენტრების რაოდენობის ზრდა და მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში. ამ მიზნის მიღწევის მთავარ რისკად მიჩნეულია არასკმარისი ფინანსური რესურსები და მოქმედი კომპანიების მხრიდან ცვლილებებისადმი ნაკლები მზაობა.


მეორე მიზანი ადამიანური კაპიტალის განვითარებაა. ამ ნაწილში გავლენის ინდიკატორებად აღებულია ისევ ინდექსში კომპეტენციის მაჩვენებლის კუთხით დაწინაურება და ასევე, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ინდუსტრიაში იმ დასაქმებულთა პროცენტული მაჩვენებლის ზრდა, რომელთაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაციის/განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.


ლოგისტიკაში კომპეტენციის მაჩვენებლის ინდექსში 2023 წელს 2.6 ქულიდან 2030 წელს 3 ქულამდე ზრდაა გათვალისწინებული; ხოლო 2030 წლისთვის დასაქმებულთა 80% უნდა შეესაბამებოდეს ახალ სტანდარტებს. მეორე მიზანთან მიმართებით მთავარი ამოცანებია: ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით სწავლების აქტუალიზაცია და ხარისხის ამაღლება, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული სპეციალისტების პროფესიული უნარების განვითარება.
ამოცანების შედეგების ინდიკატორებად აღებულია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განხრით ახალი საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობის ზრდა; პროფესიით დასაქმებული ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულების საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულთა წილის ზრდა და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ინდუსტრიაში სერტიფიცირებული პროფესიონალების პროცენტული მაჩვენებლის ზრდა. ამ გზაზე მთავარ რისკებად მთავრობას იდენტიფიცირებული აქვს ფინანსური რესურსების ნაკლებობა, კერძო სექტორის და საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან დაბალი დაინტერესება და კვალიფიციური კადრების გადინება.

მესამე მიზანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური დარგების, უსაფრთხო კავშირებისა და დერეფნების მდგრადი განვითარებაა. ლოგიკურია, რომ ამ მიზნის ნაწილში ყველაზე მეტი ამოცანა და რისკი იყრის თავს. ჩვენც მივყვეთ თანმიმდევრობით. აქაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანაა.


სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფა – ამ კუთხით უკვე მომავალ 2024 წელს უნდა დადგეს გარკვეული შედეგი – კერძოდ: 2–5%–ით უნდა შემცირდეს საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა; ხოლო სარკინიგზო შემთხვევების, საავიაციო მოვლენების და საზღვაო ინციდენტების რაოდენობა ამავე პერიოდში 6%–ით უნდა შემცირდეს. 2030 წლისთვის სამიზნე მაჩვენებლები შესაბამისად – 10–15%–მდე და 30%–მდე იზრდება.


საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო კავშირების განვითარება – ამ კუთხითაც, უკვე მომავალ წელს უნდა გამოჩნდეს შედეგები – კერძოდ, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების – სარკინიგზო და საავტომობილო – მოცულობა უნდა გაიზარდოს 9%–ით, 2030 წელს კი – 41%–ით; სახმელეთო საზღვაო და სამოქალაქო ავიაციის სფეროში გაფორმებული ორმხრივი/მრავალმხრივი შეთანხმებების რაოდენობა 2022 წელს 104–იდან 2024 წელს – 111–მდე, ხოლო 2030 წელს – 124–მდე უნდა გაიზარდოს.

სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის განვითარება – აქაც, 2024 წლისთვის სარკინიგზო ტრანსპორტის პროცენტული მაჩვენებელი ეროვნულ სახმელეთო ტრანსპორტში 2022 წელს 48%–იდან, 2024 წელს – სულ მცირე 58%–მდე, ხოლო 2023 წელს – სულ მცირე, 70%–მდე უნდა გაიზარდოს.

საავტომობილო ტრანსპორტის დარგის განვითარება – ამ ნაწილში არაუმეტეს 10 წლის ავტოსატრანსპორტო საშუალებების წილის პროცენტული მაჩვენებელი საქართველოში პირველად რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საერთო რაოდენობაში 2021 წელს – 68%–იდან 2024 წელს – სულ მცირე 71%–მდე, 2030 წელს – 79%–მდე უნდა გაიზარდოს; ასევე – წითელი ხიდიდან სარფამდე მგზავრობის დრო 2022 წელს დაახლოებით 8 საათიდან 2025 წელს დაახლოებით 5 საათამდე; ხოლო 2030 წელს – კიდევ ერთი საათით უნდა შემცირდეს.

საავიაციო დარგის განვითარება – ამ ნაწილში ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობების მქონე აეროპორტების რაოდენობა უნდა გაიზარდოს – მთელი პერიოდის განმავლობაში 1–ით. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრების რაოდენობა 2022 წელს – 4.4 მილიონი მგზავრიდან 2024 წელს – 4.78 მილიონ მგზავრამდე უნდა გაიზარდოს; 2030 წელს კი უნდა გადააჭარბოს 7 მილიონ მგზავრს.

და ბოლოს – საზღვაო დარგის განვითარება – 2024 წლისთვის 1 ახალი სანავსადგურე ტერმინალი აშენებული უნდა გვქონდეს და 2030 წლისთვის – ეს მაჩვენებელი 3–მდე უნდა გავზარდოთ. აქვე – ამოცანის ინდიკატორია ასევე ნავსადგურების დაკავშირებადობის ინდექსში საქართველოს დაწინაურება – 2022 წელს – 146–ე ადგილიდან 2024 წელს – 125–ე ადგილზე, ხოლო 2030 წლისთვის – 96 ადგილზე გადმონაცვლებით.

მესამე მიზნის ნაწილში მთავარ რისკებად მიჩნეულია: სანავსადგურე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გაჭიანურება; პირდაპირი საზღვაო მიმოსვლის მდგრადობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სირთულეები; საკანონმდებლო/სამართლებრივი ცვლილებების განხორციელების გაჭიანურება; ფრენების აღდგენისა და ახალი მიმართულებების განვითარების დაბალი ტემპი პოსტ–კოვიდ პერიოდში; ინვესტიციების მოზიდვის სირთულე; ფინანსური და სოციალური ფაქტორები; რეგიონში ცვალებადი პოლიტიკურ–ეკონომიკური ვითარება; პარტნიორი ქვეყნების დაბალი ინტერესი შეთანხმებების გაფორმებასთან დაკავშირებით; მზარდი სატრანსპორტო მიმოსვლის შედეგად სატრანსპორტო შემთხვევების რისკის ზრდა.

მესამე მიზნის – სატრანსპორტო და ლოგისტიკური დარგების, უსაფრთხო კავშირებისა და დერეფნების მდგრადი განვითარება – გავლენის ინდიკატორებად მთავრობამ აირჩია ლოგისტიკასთან და ტრანსპორტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ეფექტურობის ზრდა – აქ ინდექსში 2.3 ქულა გვაქვს, რაც 2030 წლისთვის – 2.8 ქულამდე უნდა გაუმჯობესდეს; საერთაშორისო გადაზიდვებშიც ინდექსში საქართველოს პოზიცია 2.7 ქულიდან 3.1 ქულამდე უნდა გაუმჯობესდეს და ასევე – უნდა გაიზარდოს ტრანსპორტის სექტორის დამატებული ღირებულება – 2030 წლისთვის ზრდამ 55%–ს უნდა მიაღწიოს.

მთავრობა ამბობს, რომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შესაძლო დაინტერესებულ პირებს (მათ შორის დარგობრივი ასოციაციები და წევრი კომპანიები (მინიმუმ 30 კომპანია), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა) ეცნობათ აღნიშნული სტრატეგიის ვებ-გვერდზე განთავსების შესახებ და ეთხოვათ წერილობით შენიშვნებისა და წინადადებების მოწოდება;
წერილობით რეკომენდაციებისა და წინადადებების მიღების შემდეგ სამინისტრომ განიხილა თითოეული შემოსული კომენტარი და ჩანიშნა ინდივიდუალური ინტერვიუები კომენტარის ავტორებთან.

ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა დისკუსია მოწოდებული შენიშვნების თაობაზე და თითოეული კომენტარის ავტორს მიეწოდა ინფორმაცია სამინისტროს მხრიდან წინადადებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების შესახებ. ჯამში შემოვიდა 21 რეკომენდაცია, საიდანაც სრულად გათვალისწინებულია 11, ნაწილობრივ - 4, არ არის გათვალისწინებული- 6 რეკომენდაცია.


შეხვედრებზე დამსწრეთა ჩამონათვალი 13 კომპანიას მოიცავს, თუმცა პროცესში მონაწილეობის მსურველი, როგორც ჩანს, მეტი იყო. როგორც „ანალიტიკა“–ს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი ეუბნება, მათ მთავრობას საკუთარი ანალიტიკური რესურსი შესთავაზეს, თუმცა, პასუხად მიიღეს, რომ უკვე მზა სტრატეგიის შეფასებას შეძლებდნენ. „ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა, რომ სტრატეგიას წინასწარ გავცნობოდით და მივიღეთ მყარი უარი“ – ამბობს პაატა ცაგარეიშვილი „ანალიტიკა“–სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები