2025 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებებში სულ 9 845 პირი იყო განთავსებული, მათ შორის 9 393 კაცი და 452 ქალი.
ამის შესახებ ინფორმაცია საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ სისხლის სამართლის სტატისტიკის ანგარიშშია მოცემული.
მამრობითი სქესის ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების რაოდენობა (9 393) ქვეყნის მამრობითი სქესის მოსახლეობის (1 780 575) - 0.53%, ხოლო მდედრობითი სქესის ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების რაოდენობა (452) ქვეყნის მდედრობითი სქესის მოსახლეობის (1 923 931) 0.02%-ია.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის სტატისტიკის სამმართველოში ყოველთვიურად ხდება ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების საერთო რაოდენობის პროცენტული შედარება, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2025 წლის პირველი იანვრის მონაცემებით დაფიქსირებულ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობასთან. ქვეყნის მოსახლეობის აღნიშნულ რაოდენობასთან, მ/წლის 31 ივლისის პენიტენციური დეპარტამენტის მონაცემების შედარების შედეგად, ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების საერთო რიცხვმა (9 845) ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობის (3 704 506) 0.27% შეადგინა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
საქსტატის ინფორმაციითვე, პენიტენციურ სისტემას დაქვემდებარებულ 14 დაწესებულებაში არსებული საპატიმრო ადგილების საერთო ლიმიტირებული რაოდენობა 12 332-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წლის 31 ივლისის მონაცემებით, დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა (9 845) დადგენილ ლიმიტზე 2 487 ერთეულით (20.2%) ნაკლებია.




























