საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდსა და მერიოტს შორის ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება გაფორმდა.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, თაბორის ქედზე არსებულ სასტუმროს "მარიოტის" საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კლასის Autograph Collection-ის ბრენდის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭება.
სასტუმროს ოპერირებას შპს „სასტუმროების მართვის კომპანია“ უზრუნველყოფს, რომელიც 2015 წელს დაარსდა და ერთ წელიწადში გახდა პირველი კომპანია საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მოიპოვა მსოფლიოში N1 სასტუმროები ქსელის: Marriott International - ის ფრანჩიზის ლიცენზია, რაც კომპანიას უფლებას აძლევს Marriott - ის მფლობელობაში არსებული 21 ბრენდის სახელით განახორციელოს სასტუმროების ოპერირება.
BM.GE ალექსეი კორობკინს Marriott-ის საერთაშორისო განვითარების დირექტორს ესაუბრა: „თქვენს ქვეყანაში პირველად არ ვიმყოფები და ძალიან სასიამოვნოა კიდევ ერთხელ აქ დაბრუნება. "მერიოტის" საერთაშორისო მიმართულებას საქართველოში ინვესტორებთან ურთიერთობის ძალიან დიდი ისტორია აკავშირებას. საქართველოში ტურიზმი აქტიურად ვითარდება, ასევე ვითარდება ანტრეპრენიორული კულტურა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავფართოვდეთ საქართველოში, კერძოდ თბილისში. ვხედავთ ფართო პოტენციალს ამ ქვეყანში არამხოლოდ ბიზნეს ტურისტების, არამედ ნებისმიერი მიზნით ჩამოსული ადამიანების კუთხით. ჩვენ მზად ვართ, ვუმასპინძლოთ საქართველოში ჩამოსულ თითოეულ სტუმარს“ - განაცხადა კორობკინმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით, თაბორის ქედზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები მასშტაბური რეკრეაციული ზონის მოსაწყობად, რომლის ფარგლებშიც გოლფის მოედნის მშენებლობა უკვე დასკვნით ეტაპზეა.

























