წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის II კვარტალში 346.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 14.3 პროცენტით ნაკლებია. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 751.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 5.5 პროცენტით ნაკლებია.
ინვესტორ ქვეყნებს შორის, პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 36.6 პროცენტით, მეორე ადგილზე - ნიდერლანდები 12.4 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილზე თურქეთი - 11.3 პროცენტით. თურქეთის წილი 11,3%-ია, ხოლო გაერთიანებული სამეფოსი 9,1%. დანარჩენ ქვენებს 30,6% უკავიათ.
მეორე კვარტალში აზერბაიჯანიდან საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 126.9 მლნ დოლარი შეადგინა. ნიდერლანდებიდან საქართველოში წლის მეორე კვარტალში 42.9 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო თურქეთიდან 39.3 მლნ დოლარის.
უმსხვილეს ინვესტორებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს გაერთიანებული სამეფო, საიდანაც წლის მეორე კვარტალში 31.5 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მეხუთე პოზიციაზეა ჩეხეთი 20.8 მლნ დოლარით. მეექვსე ადგილს იკავებს პანამა, საიდანაც მეორე კვარტალში 17.0 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ლუქსემბურგიდან საქართველოში წლის მეორე კვარტალში 13.8 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო აშშ-დან 13.5 მლნ დოლარის. 10.5 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა მეორე კვარალში ჩინეთიდან.

























