საქართველოში უმსხვილესი აზერბაიჯანული ინვესტიცია შაჰ-დენიზის მილსადენის გაფართოვებას უკავშირდება, თუმცა პროექტის ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დასრულდა, რის გამოც აზერბაიჯანული ინვესტიციების მოცულობაც შემცირდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ინვესტორი ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა თურქეთი, რაც ქართული კომპანიების მხრიდან თურქეთში 65 მილიონიანი ვალდებულების დაფარვას უკავშირდება, რაც შემოსულ ინვესტიციებზე მეტია. შესაბამისად, საინვესტიციო ბალანსი თურქეთთან ნეგატიურია.
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეული
1) აზერბაიჯანი - $169 მილიონი, კლება წინა წელთან 54%;
2) ნიდერლანდები - $139 მილიონი, კლება წინა წელთან 21%;
3) გაერთიანებული სამეფო - $136 მილიონი, კლება წინა წელთან 21%;
4) ჩეხეთი - $83 მილიონი, ზრდა წინა წელთან 100%;
5) აშშ - $79 მილიონი, ზრდა წინა წელთან 23%;
6) პანამა - $61 მილიონი, ზრდა წინა წელთან 41%;
7) ჩინეთი - $54 მილიონი, ზრდა წინა წელთან 96%;
8) რუსეთი - $52 მილიონი, ზრდა წინა წელთან 82%;
9) კორეა - $38 მილიონი, ზრდა წინა წელთან 104%;
10) ლუქსემბურგი - $36 მილიონი, ზრდა წინა წელთან 42%;
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში ოფშორული ზონაც (პანამა) შედის. ოფშორული ზონებიდან ინვესტიციების გარკვეული ნაწილი თავისი არსით ქართული კომპანიების მიერ ან ქართველი ბიზნესმენების მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს წარმოადგენს.
საქსტატის მონაცემებით, რეინვესტიციების მოცულობა 2018 წელს $504 მილიონი იყო, ეს კი მთლიანი ინვესტიციების 50%-ია. რეინვესტიციის ასეთი მაღალი წილი აქამდე არ დაფიქსირებულა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემადგენელი ნაწილები არის შემომავალი ნაკადები, ანუ სულ რა ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა ქართულ ბაზარზე და ასევე ინვესტორების მიმართ ვალდებულებების შემცირება, რაშიც ინვესტორების მიმართ ვალდებულებების შემცირება და დივიდენდების გაცემა იგულისხმება. გარდა ამისა, გამავალ ნაკადებში შედის სავაჭრო კრედიტის დავალიანების, სესხისა და პროცენტის თანხის გადახდაც.