22-23 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტში, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით, მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველო და კავკასია - წარსული, აწმყო, მომავალი“ გაიმართა. კონფერენცია ყოველწლიური საერთაშორისო აკადემიური ფორუმია, რომელიც საქართველოსა და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის მიმართულებების მკვლევრებს აერთიანებს. მისი მიზანია საქართველოსა და კავკასიის ხალხების ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე განვითარების საკითხების მრავალმხრივი, ინტერდისციპლინური განხილვა. წლევანდელმა კონფერენციამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოსა და კავკასიის ისტორიული გამოცდილების გააზრებას, რეგიონული ურთიერთობების კვლევასა და იმ ისტორიული და თანამედროვე პროცესების ანალიზს, რომლებიც რეგიონის როლსა და მნიშვნელობას განსაზღვრავს თანამედროვე მსოფლიოში.






























