"საქართველოს ხელისუფლება სრულად იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რაც უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან არის დაკავშირებული", -ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან ერთად ჩატარდა.
"ჩვენ ვახორციელებთ მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად. მათ შორის ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ.
ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ ვალდებულებებს და ზედმიწევნით დაიცავს პირობებს.
ლიბერალიზაციის გარფლებში გატარებული რეფორმები საქართველოს მთავრობის განუყოფელი დღის წესრიგია",- განაცხადა კვირიკაშვილმა.

























