მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ყოველ წელს 1 200 ახალი ექთანი უნდა ემატებოდეს - Geo Hospitals

636414d447e91
ალა ისპირიანი
03.11.22 23:20
759
რეგიონებში საექთნო პრაქტიკის გაუმჯობესების ცენტრების დაფუძნების მიზნით, USAID-სა და "ჯეო ჰოსპიტალსს" შორის თანამშრომლობის საპარტნიორო ხელშეკრულება გაფორმდა. USAID-ის პროექტის დახმარებით, "ჯეო ჰოსპიტალსი" საექთნო პრაქტიკის გაუმჯობესების ცენტრებს ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში, კერძოდ მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში დააფუძნებს.

პროგრამა საწყის ეტაპზე ქირურგიული, პედიატრიული და ინტენსიური განყოფილებების ექთნების გადამზადებაზე იქნება ორიენტირებული, გრძელვადიან პერსპექტივაში კი, "ჯეო-ჰოსპიტალი" მედიცინის სხვა დარგში მომუშავე ექთნების გადამზადებასაც უზრუნველყოფს.

როგორც "Geo Hospitals"-ის საოპერაციო დირექტორმა მაია ხომერიკმა გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, ქვეყანას ყოველ წელს 1 200 ახალი ექთანი სჭირდება.

„საერთო განვითარების სტრატეგია, 2025 წლისთვის მხოლოდ სერტიფიცირებული ექთნების დასაქმებას ითვალისწინებს. სწორედ აქეთკენ მივდივართ, რომ ამას მთლიანად საქართველო მომზადებული დავხვდეთ და მაქსიმალურად გადამზადებული იყოს საექთნო კადრები.

რეალურად ჩვენი მოსახლეობის გათვალისწინებით ყოველ წლიურად დაახლოებით 1 200 ახალი ექთანი უნდა ემატებოდეს ქვეყანას და ამისგან ჯერ შორს ვართ“, - ამბობს იგი.

შეგახსენებთ, რომ პროექტი, რომლის ჯამური ბიუჯეტი 120 000 დოლარს შეადგენს, USAID-ის ხუთწლიანი პროექტის - “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანი, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის გაძლიერება და უმუშევრობის დონის შემცირებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები