ჯამურად საფინანსო სექტორის მოგებამ წლის პირველ კვარტალში 198,601,203 ლარი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 34,712,821 ლარით, ანუ 15%-ით ნაკლებია. აბსოლუტურ რიცხვებში მოგებით პირველ ადგილზე თიბისი ბანკი იმყოფება, რომელმაც წლის პირველ სამ თვეში 98,571,884 ლარის მოგება გამოიმუშავა, თუმცა ეს რიცხვი 2018 წელთან შედარებით 8.5%-ით ნაკლებია.
73,350,878 ლარით მეორე ადგილზე საქართველოს ბანკია, მოგების ეს რიცხვი 2018 წელთან შედარებით, 2%-ით ნაკლებია. მოგების მიხედვით მესამე ადგილს ტერაბანკი იკავებს.
მკვეთრად არის შემცირებული ლიბერთი ბანკის მოგება. ქვეყნის მესამე უმსხვილესმა ბანკმა პირველ კვარტალში მხოლოდ 3,986,406 ლარის მოგება მიიღო, რაც 2018 წელთან შედარებით 73%-ით ნაკლებია. შედეგად ლიბერთი რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს.
წმინდა მოგების ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა „კრედო ბანკი“, რომლის მოგებაც 6-ჯერ გაიზარდა და 5.7 მლნ ლარი შეადგინა. 5-ჯერ გაიზარდა „ბანკი ქართუს“ მოგება. 177%-ით შემცირდა „ხალიკ ბანკის“ მოგება და -2.6 მლნ ლარი შეადგინა. „ხალიკ ბანკის“ გარდა ზარალით სამმა ბანკმა დაასრულა პირველი კვარტალი.
საბანკო სისტემის მარტის თვის მიმოხილვისმიხედვით, თვის განმავლობაში ბანკების უკუგება აქტივებზე (ROA) 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 1.9 პროცენტს შეადგენს. უკუგება კაპიტალზე (ROE) კი 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.2 პროცენტს შეადგენს.
სტატისტიკის მიხედვით, ქართულმა ბანკებმა 2019 წლის პირველ კვარტალში 1,036,704,000 ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც 2018 წელთან შედარებით 10%-ით მეტია. თუმცა, შემოსავლების ზრდის ტემპზე მეტად - 18%-ით გაიზარდა ბანკების ხარჯები, რის გამოც ბანკების მოგების მაჩვენებელი შემცირდა.
კომერციული ბანკების მთლიანმა ხარჯებმა 808,236,000 ლარი შეადგინა, მათ შორის:
- საპროცენტო ხარჯები - 380,868,000 ლარი, ზრდა წინა წელთან 13.6%;
- არასაპროცენტო ხარჯები (აპარატის ხარჯები, სხვა არასაპროცენტო ხარჯები) - 303,288,000 ლარი, ზრდა წინა წელთან 6.4%;
- ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით - 124,080,000 ლარი, ზრდა წინა წელთან 102%.

























